საკანონმდებლო ცვლილება

შესაძლოა, გადაადგილების შეზღუდვა ახალი სახის აღკვეთის ღონისძიება გახდეს

ტაბულა

საქართველოს "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი მომზადდა.  

პროექტის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძეა. მისი განმარტებით, დღეს მოქმედი კანონმდებლობა სულ ხუთი სახის აღკვეთის ღონისძიებას იცნობს, საიდანაც ყველაზე ხშირად პატიმრობა და გირაო გამოიყენება, ახალი ცვლილებით აღკვეთის არსებულ ღონისძიებებს გადაადგილების შეზღუდვა დაემატება. 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებულ აღკვეთის ღონისძიებების სახეებს ემატება ახალი, გადააადგილების შეზღუდვა. აღნიშნული ღონისძიება ნიშნავს ბრალდებულებისთვის, პროკურორის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილიდან გასვლის, გარკვეული ადგილის, მათ შორის კონკრეტული ადმინისტრაციული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის დატოვების ან მასში შესვლის აკრძალვას. 

ბრალდებულის მიმართ გადაადგილების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნას დღე-ღამის განმავლობაში (24-საათიანი შეზღუდვა) ან დღე-ღამის გარკვეულ პერიოდში. გადაადგილების შეზღუდვას გამოიყენებენ იმ პირების მიმართ, რომელთა მკაცრი იზოლაცია პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებით აუცილებელი არ არის. აღკვეთის ღონისძიების აღსრულება ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით მოხდება.

კანონპროექტის ავტორის განმარტებით, ცვლილების მიზნობრიობა შეეხება იმ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელთა გარემოებებიდან გამომდინარე შესაძლოა არ არსებობდეს პატიმრობის გამოყენების მწვავე აუცილებლობა, თუმცა, არსებული აღკვეთის ღონისძიების სახეებიც სრულად ვერ უზრუნველყოფენ რისკების დაზღვევას, რის გამოც, მოსამართლე "რჩება რისკების დაზღვევის ქმედითი ალტერნატიული ღონისძიების გარეშე". 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა. 

კომენტარები