პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად მისივე დანიშნულმა მოსამართლემაც ცნო

16 ოქტომბერს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ცნობას მხარი ექვსმა მოსამართლემ დაუჭირა, რომელთა შორისაც თავად ზურაბიშვილის მიერ 2021 წლის 1 დეკემბერს დანიშნული გიორგი თევდორაშვილიცაა.

თევდორაშვილის გარდა კონსტიტუციის დარღვევის ცნობას მხარი, კიდევ ხუთმა მოსამართლემ: მერაბ ტურავამ, მანანა კობახიძემ, ხვიჩა კიკილაშვილმა, ევა გოცირიძემ და ვასილ ლილუაშვილმა დაუჭირეს.

რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, თეიმურაზ ტუღუშის, ირინე იმერლიშვილისა და გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი თან დაერთვება ე.წ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეს.

გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება ქართულმა ოცნებამ 1 სექტემბერს დააანონსა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, "სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში".

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში იმპიჩმენტის პროცედურის "სისრულეში მოყვანა შეუძლებელია", თუმცა, "ნებისმიერი თვალის დახუჭვა კონსტიტუციის დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს".

იმპიჩმენტი არის სამართლებრივ-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც გულისხმობს თანამდებობის პირის გადაყენებას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში. პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი შესაძლებელია გახდეს კონსტიტუციის დარღვევა ან დანაშაულებრივი ხასიათის ქმედების ჩადენა. 

იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა შეუძლია დეპუტატების ერთ მესამედ რაოდენობას, რაც 50 ხმას შეადგენს.

მოცემული საკითხის შეფასება კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილებაა. ისინი შეაფასებენ, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია ან აქვს თუ არა საფუძველი მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს.

კომენტარები