ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზის დილემა: რატომ ახლა, რატომ განსხვავებულად და რა იქნება შემდეგ

ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ღაზის დილემა: რატომ ახლა, რატომ განსხვავებულად და რა იქნება შემდეგ

ჰამასის მიერ ისრაელზე განახლებული თავდასხმების შემდეგ მდგომარეობა კვლავ ქაოსურია, შეტაკებები გრძელდება, თუმცა ერთი რამ ცხადია - სიტუაცია განსხვავდება წარსულის გამოცდილებისგან და შესაბამისად, განსხვავებულ შედეგებსაც უნდა ველოდოთ.

ისრაელის ლიდერები ცხადად და პირდაპირ ამბობენ, რომ ჰამასის წინააღმდეგ გამოცხადებული ომის მიზანი ტერორისტული დაჯგუფების საბოლოოდ განადგურება და ღაზის სექტორის მათი კონტროლისგან გათავისუფლებაა, თუმცა საინტერესოა, მიზნის მისაღწევად რა გზებს გამოიყენებენ, რა მოხდება შემდეგ და რა გავლენა ექნება ამას ისრაელზე, პალესტინაზე ან ზოგადად რეგიონზე.

რატომაა ეს შემთხვევა განსხვავებული?

ჰამასსა და ისრაელს შორის პერიოდული შეტაკებები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერორისტული დაჯგუფებას აქამდეც მიჰქონდა სარაკეტო იერიშები ისრაელის ტერიტორიაზე, იტაცებდა მოქალაქეებს და არბევდა დასახლებებს, თუმცა 7 ოქტომბერს დაწყებულ თავდასხმას უკვე იმაზე მეტი მსხვერპლი ჰყავს, ვიდრე 2007 წლიდან (დაჯგუფების მიერ ღაზაზე კონტროლის მოპოვების შემდეგ) ჰამასის ყველა თავდასხმას ერთად.

უპრეცედენტოა გამოყენებული რაკეტების რაოდენობა და სამხედრო ინფილტრაციის მასშტაბი. მხოლოდ 7 ოქტომბერს ისრაელის ტერიტორიაზე დაჯგუფების ასობით წევრი გადავიდა და 20-მდე დასახლებულ პუნქტში შევიდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებს მათზე კონტროლის დასაბრუნებლად ორ დღეზე მეტი დასჭირდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძევლების საკითხიც. ჰამასისთვის მძევლების აყვანა აქამდეც ჩვეული პრაქტიკა იყო, სავარაუდოა, რომ პოტენციური დეესკალაციის პროცესს ყველაზე მეტად სწორედ მძევლების საკითხი გაართულებს და გააჭიანურებს.

დაპირისპირებას ასევე აქვს იდეოლოგიური განზომილებაც. ზუსტად 50 წლის წინ, 1973 წლის 6 ოქტომბერს იომ ქიფურის ომი სწორედ ეგვიპტისა და სირიის ყველასთვის მოულოდნელი იერიშით დაიწყო. მაშინაც და ახლაც გაჩნდა კითხვები ისრაელის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის და შესაძლო მარცხის შესახებ. ბევრისთვის მოსადის მითურ და ყოვლისშემძლე ხატს წყალი შეუდგა და გაჩნდა კითხვები, თუ როგორ გამოეპარა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს დაზვერვის სამსახურს მსგავსი თავდასხმა იომ ქიფურის ომის 50 წლისთავზე.

რა, სად და როდის შეეშალა ისრაელის დაზვერვას

მდგომარეობას ასევე ცვლის ისრაელის ხელისუფლების მკაცრი რიტორიკაც, რადგან ხშირად, როცა მოქმედებები ნათქვამ სიტყვებს ვეღარ ეწევიან, საქმეში აქამდე წარმოუდგენელი გადაწყვეტილებები შეიძლება ჩაერთოს. ფაქტი ერთია - 2 სახელმწიფოს გაჩენის იდეა, რომელიც ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის გადაწყვეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სცენარად განიხილებოდა, საბოლოოდ გაქრა. იდეას ჰამასი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა და შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო წერტილიც სწორედ მან დაუსვა, თუმცა არსებობს კიდევ ერთი საინტერესო კითხვა:

რატომ ახლა?

ბოლო 16 წლის განმავლობაში ჰამასის ლიდერები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ პალესტინელებისთვის, რომ მათ მართვა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციაზე უკეთ შეუძლიათ. ამავდროულად, ისინი თავს წინააღმდეგობის ორგანიზაციად თვლიან და ამით პოლიტიკური ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობენ. სხვა მხრივ, რიგითი ღაზელების ცხოვრების დონით მათი მმართველობის ლეგიტიმაცია შეუძლებელია. ჰამასი აგებულია ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის "სულისკვეთებაზე" - მათ იციან, რომ ღაზის რიგით მოქალაქეებს საშინელი ფასის გადახდა მოუწევთ, თუმცა იმედოვნებენ, რომ საბოლოო პოლიტიკური სასწორი მათ მხარეს გადაიხრება.

მაშინაც კი, თუ შედეგი მხოლოდ სტატუს კვოს ვარიაცია იქნება, მათი მიზანი პოლიტიკური ქულების მოპოვებაა, რათა პალესტინის ხელისუფლების დისკრედიტაცია შეძლონ - იმის ჩვენებით, რომ ისრაელის წინააღმდეგ სწორედ ისინი იბრძვიან. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მეორე მხარეს პოლიტიკურ ხაფანგშია პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციაც - მათ სურთ ჰამასის მარცხის ნახვა, თუმცა არ შეუძლია ღიად დაუჭიროს მხარი ისრაელის მოქმედებებს.

ჰამასი ცდილობს თავი პალესტინის ადმინისტრაციისგან განსხვავებით ნაკლებად კორუმპირებულად წარმოაჩინოს - ამის დემონსტრირებისთვის მაგალითად მოჰყავთ საჯარო სერვისების მეტად "გამართულობა" ღაზის სექტორში, თუმცა რეალურად რეჟიმის უნარი, გააუმჯობესოს რიგითი პალესტინელების ცხოვრება, მუდმივად შემოფარგლული იყო ისრაელის ეკონომიკური ზეწოლით. უმუშევრობა და სიღარიბის უაღრესად მაღალი დონე ღაზის სექტორში ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის პოლიტიკური პროექტისთვის ლეგიტიმაციის წყაროა, თანაც თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეორე მხარეს პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი უკვე 87 წლისაა და მისი პოლიტიკური მემკვიდრეები კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებიან.

თავად ჰამასი თავდასხმის მიზეზებად ასახელებს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებების რაოდენობის ზრდას, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის ზოგიერთი წევრისგან ღია რასიზმს, "პროვოკაციულ ინციდენტებს" ალ-აქსას მეჩეთში და ასე შემდეგ. თუმცა განახლებული თავდასხმის მიზეზის ძიება უფრო რეალისტური ფართო სურათშია.

ახლო აღმოსავლეთში ისრაელსა და არაბული ქვეყნების ნაწილს შორის ურთიერთობების სტაბილიზაციის ნიშნები გაჩნდა, რაც არ აწყობს ირანს და შესაბამისად, ჰამასს. 2020 წელს 4 არაბულ სახელმწიფოსთან ისრაელის მიერ სამშვიდობო შეთანხმების (Abraham Accords) მიღწევის შემდეგ, 2023 წელს ისრაელი აშშ-ს მედიაციით ურთიერთობის ნორმალიზებას საუდის არაბეთთანაც ცდილობს, რაც რეგიონისთვის გარდამტეხი მოვლენა იქნება. პარალელურად გავრცელდა ცნობები, რომ მოლაპარაკებების პროცესში ისრაელი გარკვეულ დათმობებს გეგმავდა პალესტინის ხელისუფლებასთან, რომელიც ჰამასის მეტოქეა. რა თქმა უნდა, გავლენების დაკარგვის ამგვარი სცენარი მიუღებელია ირანისთვის და უკვე გავრცელდა ცნობები, რომ თავდასხმის დაგეგმვაში ჰამასს სწორედ ირანი დაეხმარა. მეტად სავარაუდოა, რომ ეს ჰამასისა და ირანის ინტერესების გადაფარვის შედეგი იყო. შესაძლოა, არსებობდა გათვლა, რომ მწვავე კონფლიქტის პირობებში ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება კიდევ უფრო გართულდება, მაგრამ არსებობს ლოგიკური მოლოდინი, რომ შედეგი სრულიად საპირისპირო იქნება.

რა ხდება შემდეგ?

როგორც ჩანს, ისრაელს ჰამასთან ბრძოლაში კარგი და ცუდი ალტერნატივა არ აქვს. არჩევანი ცუდსა და უარესს შორის უნდა გაკეთდეს, თუმცა შედეგებზე გადაჭრით საუბარი შეუძლებელია. მიმდინარე სარაკეტო იერიშების პირობებში რთულია ისაუბრო შეკავების პოლიტიკის აღდეგანსა და პრევენციაზე. მეორე მხრივ, ღაზის სრული ბლოკადა ასევე არასაკმარისი იქნება ტერორისტულ დაჯგუფებასთან საბრძოლველად, თუმცა სავალალო შედეგები ექნება პალესტინელებისთვის. ისრაელს ჰამასის ტერორისტული შესაძლებლობების მოსპობა სურს, თუმცა ეს ვერც ბლოკადით მოხდება და ვერც საჰაერო იერიშებით.

ამგვარ გარემოებაში ძირითად გზად სახმელეთო ინტერვენცია რჩება, თუმცა წარსულში ისრაელი ამ გზის გამოყენების თავიდან აცილებს მუდმივად ცდილობდა. სახმელეთო ოპერაცია რთული და საფრთხის შემცველია ისრაელის სამხედროებისთვის, მეორე მხრივ კი დამღუპველია პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ღაზის სექტორი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა, შესაბამისად ამგვარ პირობებში თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობის დიდ მსხვერპლს ნიშნავს. მაგალითად, 2014 წელს ისრაელის მიერ ღაზაში ჩატარებული სახმელეთო ოპერაცია "ურღვევი კლდე" ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და სამხედროებმა სექტორში მხოლოდ რამდენიმე კილომეტრზე შეღწევა მოახერხეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან 66 სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაიღუპა 2 000-ზე მეტი პალესტინელი (ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, რომელთა მეოთხედი ბავშვები იყვნენ). თუმცა შეუძლებელია მსხვერპლი შევადაროთ, როცა დაზუსტებით არ ვიცით საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.
ღაზის სექტორის მიღმა სიტუაციის ესკალაციის საფრთხე ასევე არსებობს ისრაელის ჩრდილოეთითაც, სადაც ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით ჰეზბოლამ რაკეტები გაუშვა. სიტუაცია საზღვარზე გაურკვეველია და შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.

მდგომარეობის გართულების საფრთხე არსებობს პალესტინის დასავლეთ ნაწილშიც, სადაც ჰამასი მოქალაქეებს იარაღის ხელში აღებისკენ და თავდასხმებში ჩართვისკენ ღიად მოუწოდებს. ისრაელსა და ღაზას შორის ბოლო ჯერზე გააქტიურებულმა დაპირისპირებამ მასშტაბური დემონსტრაციები გამოიწვია, ამის ლოგიკური მოლოდინი ახლაც არსებობს, ხოლო თუ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია სიტუაციის გაკონტროლებას ვერ შეძლებს, ისრაელს ჩართვა მოუწევს.

თუ ისრაელი ღაზაში სახმელეთო ძალებით შევა, ის არჩევანის წინაშე აღმოჩნდება - ხელუხლებლად დატოვოს ჰამასის დასუსტებული დაჯგუფება, ან საბოლოოდ გაანადგუროს დე ფაქტო რეჟიმი. ისრაელის ხელისუფლების განცხადებებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილება საბოლოო განადგურების შესახებ უკვე მიღებულია, თუმცა ფართო სურათში მიმზიდველი არცერთი ვარიანტია. თუ ჰამასი გადარჩება, მისი ტერორისტული მცდელობები არ შეწყდება. თუ დაჯგუფება დაემხობა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ გარშემო არ არსებობს პალესტინის შესაბამისი ძალა, რომელიც მას შეცვლის. პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას არ გააჩნია შესაბამისი პოლიტიკური მხარდაჭერა და დასავლეთ ნაწილშიც კი ძალაუფლების შესანარჩუნებლად რეპრესიებს იყენებს. 

ჰამასის შემცვლელის გარეშე ისრაელს მხოლოდ ერთი არჩევანი ექნება - თავად აიღოს პირდაპირი კონტროლი ღაზაზე, რასაც ერთი მხრივ შეეწინააღმდეგებიან პალესტინელები, მეორე მხრივ კი ამგვარი ნაბიჯი გააღრმავებს განხეთქილებას ისრაელის საზოგადოებაში, რომელიც ამჟამად სოციალურ-პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილურობით ვერც ისე დაიკვეხნის. 

ჰამასის მოქმედებები ისრაელის ხელისუფლებას ზეწოლის ქვეშ ამყოფებს. ღაზის სექტორში ჰამასის ეკონომიკური, რელიგიური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაჯგუფების დამხობა ჯერჯერობით თითქმის შეუძლებელი ამოცანაა. ამჟამად ზეწოლის შესამცირებლად ნეთანიაჰუს ხელისუფლებას სურს აჩვენოს წარმატება ჰამასის ლიდერების მოკვლით ან დაპატიმრებით.

ისრაელის მიერ დაწყებული მუქარებისა და ევაკუაციის მოწოდებების ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბოლოოდ ჰამასი მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება, თუმცა ამის ფასის გადახდა ღაზის მაცხოვრებელ პალესტინელებსაც მოუწევთ.

ამჟამინდელი მყისიერი სცენარების მიღმა, ათწლეულების განმავლობაში ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობების რეგულირების გზების შესახებ მრავალი იდეა არსებობდა. მაგალითად, ორი სახელმწიფოს იდეის მიღმა, განიხილებოდა სამი სახელმწიფოს სცენარი - ამგვარ გადაწყვეტაში დასავლეთ პალესტინა იორდანიის კონტროლის ქვეშ დაბრუნდებოდა, ხოლო ღაზის სექტორზე კონტროლი ეგვიპტეს გადაეცემოდა. ასევე არსებობდა იდეა პალესტინის 3 ნაწილად დაყოფის შესახებ - ებრაულ სახელმწიფოდ ისრაელის კონტროლის ქვეშ, არაბულ სახელმწიფოდ პალესტინის კონტროლის ქვეშ და ქალაქ იერუსალიმის საერთაშორისო სამეურვეო სისტემის კონტროლის ქვეშ მოქცევა. 2014 წელს ეგვიპტის პრეზიდენტმა ასევე წამოჭრა "დიდი ღაზის" გეგმის იდეა, რომლის მიხედვით უნდა შექმნილიყო დემილიტარიზებული პალესტინის სახელმწიფო. პოტენციურ ტერიტორიას უნდა მოეცვა ღაზის სექტორი და დამატებით 618 კვადრატული მილი სინის ნახევარკუნძულიდან. ეს პალესტინელებს მისცემდა ღაზაზე ბევრად დიდ და მოსახერხებელ გეოგრაფიულ მდებარეობას. სანაცვლოდ პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას უარი უნდა ეთქვა დასავლეთ ტერიტორიებზე, თუმცა ხელისუფლებამ შეთავაზებაზე უარი თქვა. იდეებს შორის ასევე არსებობდა რვა საემიროს დაარსების გეგმაც იუდეაში, სამარიასა და ღაზაში, რომლებიც ქალაქ-სახელმწიფოების სისტემით იარსებებდნენ და ადგილობრივი მმართველობის სისტემა ექნებოდათ. იდეას ოსლოს შეთანხმების გაგრძელებად მიიჩნევდნენ, თუმცა მთავარი პრობლემა პალესტინელების წინააღმდეგობა იყო.

იდეა ბევრი არსებობდა, თუმცა განსაკუთრებით ბოლო წლებში მათი განხილვა შეწყდა. მიზეზი ძირითადად მხარეების მოქმედებები და რიტორიკა იყო - ჰამასი მისი ლეგიტიმაციის წყაროს ისრაელთან ბრძოლაში ხედავს, პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას არ სურს მისი ისედაც დასუსტებული გავლენების დათმობა, ხოლო ისრაელისთვის კომპრომისისთვის მზადყოფნა მუდმივად რთული საკითხი იყო. ომის ფონზე მომავლის ამგვარი სცენარების განხილვა კიდევ უფრო არარეალისტურია. ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კრიზისი ახლა ყოველდღიური და აქამდე უპრეცედენტო მსხვერპლის ფონზე მიმდინარეობს.

რა ხდება რეგიონში?

ისრაელსა და ჰამასს შორის განვითარებულ ომს პოტენციურად დამანგრეველი შედეგები მოჰყვება რეგიონისთვის. კრიზისის წინაშე აღმოჩნდება რეგიონში ისედაც გაჭიანურებული და მყიფე დეესკალაციის პროცესი, რომელიც ეკონომიკურ ინტეგრაციას მოასწავებდა. Abraham-ის შეთანხმება და საუდის არაბეთთან დაწყებული მოლაპარაკებები სწორედ ამ ლოგიკას მიჰყვებოდა. აქ მთავარი კითხვაა, ჩაერთვება თუ არა ირანი ღიად კონფლიქტში, თუმცა არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ თეირანს არ სურს პირდაპირ დაუპირისპირდეს ისრაელს და სხვაგვარ გზას მიმართავს.

მეორე მხრივ, გვაქვს კითხვები, რომელზე პასუხის მიღებასაც მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში შევძლებთ. გააქტიურებული ჰამასის პალესტინის ყველაზე ძლიერ ორგანიზაციად გარდაქმნას ხანგრძლივი ეფექტი ექნება - როგორც ეს მაგალითად ლიბანში ჰეზბოლას შემთხვევაში მოხდა 2006 წლიდან. ჰეზბოლამ შეძლო მოეპოვებინა გავლენები არაერთ არაბულ სახელმწიფოში. შესაბამისად, ჰამასის ხელში ამ პოლიტიკურმა კაპიტალმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სხვა ქვეყნებზეც.

შეშფოთება არსებობს იორდანიაში და ეგვიპტეში, სადაც ჰამასის შეკავების გასაღებად პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერას თვლიდნენ. ეგვიპტისთვის ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ოკუპაცია მის უშუალო საზღვარზე აქტიურ კონფლიქტს ნიშნავს. არასტაბილურობა, ექსტრემიზმი და ადამიანებით ვაჭრობა სინას ნახევარკუნძულზე გასული ათწლეულის მთავარი შიდა პრობლემა იყო, რომელიც შესაძლოა დაბრუნდეს და კიდევ უფრო გააქტიურდეს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის უმეტესობა პალესტინელი წარმოშობის ან პალესტინიდან ლტოლვილია, ომს მეზობელ ტერიტორიაზე შესაძლოა დესტაბილიზაციის ეფექტი ჰქონდეს იორდანიისთვისაც.

პარალელურად, ჰამასთან "თბილი" ურთიერთობით გამოირჩევიან თურქეთი და კატარი. პროცესი საინტერესო გახდება საუდის არაბეთთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ისრაელის ურთიერთობის კონტექსტში. ნორმალიზაციის პროცესი დაწყებულია, თუმცა მუსლიმ საზოგადოებაში იკვეთება აზრი, რომ ისრაელის პოლიტიკას ზომიერების უნარი არ აქვს. თუმცა, ურთიერთობების გაწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ორივე სახელმწიფო, გარდა უსაფრთხოების ასპექტებისა, ჰამასს იდეოლოგიურ საფრთხედაც აღიქვამს.

კომენტარები