საქართველოს პროკურატურამ თიბისი ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. დაკავებულს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის კუთვნილი საწარმო პოს ტერმინალით სარგებლობდა, რომელიც ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენელს ანიჭებდა შესაძლებლობას, რეალურად გაწეული მომსახურების ღირებულება მისივე კლიენტის საბანკო პლასტიკური ბარათიდან ჩამოეჭრა.
ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა თიბისი ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დასაუფლებლად, თითქოსდა საწარმოს კლიენტებისთვის გაწეული მომსახურების საფასურის ჩამოჭრის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული უცხოური საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული პლასტიკური ბარათების მონაცემები შეიყვანეს ბრალდებულის კუთვნილი საწარმოს პოს ტერმინალში, რის შედეგადაც თიბისი ბანკს მიმდინარე ბალანსიდან ჩამოაჭრეს 90 700 ლარი, მიღებულ თანხას კი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
ვინაიდან კომპანიას მომსახურება არ გაუწევია და ბარათის მფლობელთა ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ტრანზაქციები გასაჩივრდა საერთაშორისო საგადამხდელო სისტემის მეშვეობით, ბანკისთვის მიმდინარე ბალანსიდან უკანონოდ ჩამოჭრილი თანხები პლასტიკური ბარათების გამცემმა უცხოურმა საბანკო დაწესებულებებმა არ აანაზღაურეს, რითაც თიბისი ბანკს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა" - აცხადებს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით გამოძიება გრძელდება.
კრიმინალი