ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ეგვიპტემ ღაზაში მყოფი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული კორიდორის შექმნაზე უარი თქვა

ეგვიპტე უარს ამბობს, შექმნას ჰუმანიტარული კორიდორი ღაზის სექტორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისათვის, თუმცა ღაზისათვის რესურსების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

სააგენტო ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ეგვიპტე უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო კორიდორის შექმნის იდეას, რათა დაიცვან "პალესტინელთა უფლება, შეინარჩუნონ თავიანთი მიზანი და მიწა".

აქამდე, აშშ ისრაელთან და ეგვიპტესთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა შექმნილიყო უსაფრთხო გასასვლელი, რომლის საშუალებითაც ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება შეეძლებოდა.

"ჩვენ აქტიურად ვმსჯელობთ ამ საკითხზე ჩვენს ისრაელელ და ეგვიპტელ კოლეგებთან ერთად. მხარს ვუჭერთ მშვიდობას. მშვიდობიანი მოსახლეობა ჰამასის ქმედებებში დამნაშავე არ არის. მათ არაფერი დაუშავებიათ… მშვიდობიან მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ბრძოლის თავიდან აცილების შესაძლებლობა". - უთხრა ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

ამასთან, ეგვიპტის უსაფრთხოების წყაროების ცნობით, მოლაპარაკებებზე განიხილეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების იდეა რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით. რაფაჰი ღაზის სექტორისა და ეგვიპტის დამაკავშირებელი გზაა, რომელიც ამჟამად დაკეტილია.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ ქიფურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები. ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადა 9 ოქტომბერს გამოაცხადა და მას საკვების, წყლის, საწვავისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა.

კომენტარები