დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

მედია: ისრაელმა ეგვიპტე გააფრთხილა, რომ თუ ღაზას მოამარაგებენ, სატვირთოებს დაარტყამენ

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკი ღაზის სექტორის საზღვართან, 2023 წლის 10 ოქტომბერი.
Ronen Zvulun/Reuters

ისრაელის მე-12 არხი ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც ისრაელმა ეგვიპტე გააფრთხილა, რომ თუ ღაზის სექტორში რაიმე სახის დახმარებას შეიტანენ, სატვირთოები იერიშების სამიზნეები გახდებიან.

მედიის ინფორმაციით, ამ მუქარიდან მცირე ხნის შემდეგ ევიპტური სატვირთოები, რომლებსაც საქონელი გადაჰქონდათ და ღაზაში შესვლას აპირებდნენ, საზღვრიდან, რაფას დერეფნიდან უკან გაბრუნდნენ. აქამდე კი, ამავე პუნქტთან ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს. როგორც განაცხადეს, სამიზნე რაფას ზონაში შეიარაღების კონტრაბანდის გადასატანად განკუთვნილ გვირაბთა სისტემა იყო, თუმცა არც დაადასტურეს და არც უარყვეს, მიაყენეს თუ არა დარტყმა თავად გამშვებ პუნქტს.

The Times of Israel-ი წერს, რომ სატვირთოებს საწვავი და საკვები გადაჰქონდა.

ისრაელის მე-12 არხი ირწმუნება, რომ იერიშის მიზანი იყო გზის დაზიანება, რათა ჰამასის მომარაგება არ გაგრძელებულიყო.

არაბულენოვანი მედია Al-arabia წერს, რომ რაფას პუნქტი ეგვიპტემ ჩაკეტა. აქამდე ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთმა სპიკერმა ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს ეგვიპტეში დროულად წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა შემდეგ თავდაცვის უწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუწია. როგორც თავდაცვის ძალებში განმარტეს, სპიკერის სიტყვები არ იყო მათი ოფიციალური პოზიცია და ღაზის მოსახლეობას ნახსენები ტერიტორიიდან თავის შორს დაჭერისკენ მოუწოდებდნენ.

აქამდე, გასულ დღეს, 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანთმა გამოაცხადა, რომ ღაზის სექტორს სრულ ბლოკადაში მოაქცევდნენ.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები