დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

სუნაკი: ვინც ჰამასს მხარს უჭერს, ის პასუხისმგებელია ისრაელში განხორციელებულ თავდასხმაზე

Lucy North/PA

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, ვინც ჰამასს მხარს უჭერს, ის პასუხისმგებელია ისრაელში განხორციელებულ საშინელ თავდასხმაზე. ამის შესახებ სუნაკმა ლონდონში მდებარე სინაგოგაში ისაუბრა, სადაც ის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისთვის ჩატარებულ მსახურებას დაესწრო.

რიში სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი გააკეთებს ყველაფერს, ქვეყანაში მცხოვრები ებრაული თემის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

"აქ მოვედი, რათა ვიდგე თქვენს გვერდით ამ მწუხარების დროს, ჩვენ ვგლოვობთ ამ საშინელი ტერაქტის მსხვერპლს. ვინც ჰამასს მხარს უჭერს, ის პასუხისმგებელია ისრაელში განხორციელებულ საშინელ თავდასხმაზე. ისინი არ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები, ისინი არიან ტერორისტები. ამ მოვლენებს ორი მხარე არ აქვს. მე ისრაელის გვერდით ვდგავარ. დიდი ბრიტანეთი ისრაელის გვერდით დგას ამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც დღეს, ისე ხვალ და ყოველთვის". - თქვა სუნაკმა.


ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები