დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ზელენსკი: უკრაინა და ისრაელი საერთო მტრის – ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა და ისრაელი საერთო მტრის – ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძვიან. ამის შესახებ ზელენსკიმ კოპენჰაგენში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის 69-ე სესიაზე გამოსვლისას ისაუბრა.

"ვერავინ ვერასდროს შეძლებს დაივიწყოს ის, რაც ტერორისტებმა ისრაელში ჩაიდინეს. ათასობით რაკეტა მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ. ადამიანები ჩაცხრილეს პირდაპირ ავტომობილებში და გზებზე. კაცები, ქალები, ბავშვები – არავინ დაინდეს. ქუჩები სისხლით არის მორწყული, ტყვეები აიყვანეს [...]". - თქვა ზელენსკიმ.

ამავდროულად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარალელი გაავლო უკრაინასა და ისრაელში არსებულ ვითარებას შორის და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა ტერორიზმს ებრძვის.

"ისრაელელი ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში, ბუჩაში იყვნენ, დღეს ამბობენ, რომ მათ ასეთივე ბოროტება ნახეს იქ, სადაც რუსეთი მივიდა. ბოროტება მხოლოდ ერთი განსხვავებით – ისრაელს თავს ესხმის ტერორისტული ორგანიზაცია, უკრაინას კი ტერორისტული სახელმწიფო. არსი იგივეა". - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ირანს არ შეუძლია იმის თქმა, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია უკრაინასა და ისრაელში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

"ირანს არ შეუძლია თქვას, რომ მას საერთო არ აქვს იმასთან, რაც უკრაინაში ხდება, თუ ისინი რუსეთს ბომბებს აწვდიან. ირანს არ შეუძლია თქვას, რომ მას საერთო არ აქვს იმასთან, რაც ისრაელში ხდება, თუ მათი ოფიციალური წარმომადგენლები მხარს უჭერენ ისრაელში მიმდინარე მოვლენებს". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები