დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

IDF: ისრაელმა ჯამში 300 000 რეზერვისტის მობილიზება 48 საათში შეძლო

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი
Emanuel Fabian/Times of Israel

ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარი სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ისრაელმა ღაზის სექტორთან მდებარე ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენა მოახერხა.

ჰაგარის თქმით, საზღვარზე მდებარე 24 ქალაქიდან 15 ევაკუირებულია, ხოლო იმ ქალაქებს, რომლებშიც ღაზის სექტორიდან ტერორისტებმა შეღწევა შეძლეს, ისრაელი ტანკებითა და ავიაციით დაიცავს.

მიმართვაში ჰაგარმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების რაოდენობა 4400-ს შეადგენს.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ცნობით, "ასე სწრაფად ამ რაოდენობის რეზერვისტების მობილიზება ამ დრომდე არასდროს მომხდარა" – უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ისრაელმა 300 000 რეზერვისტის მობილიზება შეძლო.


რამდენიმე საათის წინ ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) X-ის, ყოფილი Twitter-ის, გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში, ისრაელის ძალების სპიკერი ჯონათან კონრიკუსის თქმით, ისრაელმა ქვეყნის სამხრეთით 100 000 რეზერვისტს მოუყარა თავი.

მან ისრაელზე ჰამასის თავდასხმა აშშ-ის პერლ ჰარბორისა და 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს შეადარა და ასევე განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს განხორციელებულ არაპროვოცირებულ თავდასხმაში 1000-მდე ტერორისტი იღებდა მონაწილეობას.

ღაზის სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს.

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები