20 ივნისი

სასამართლომ შსს-ს 20 ივნისს დაშავებული ჟურნალისტისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევისას დაზარალებულმა ჟურნალისტმა, ეკა აბაშიძემ შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო. ამის შესახებ აბაშიძე საკუთარ Facebook-ზე წერს.

"ალბათ გახსოვთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს ორივე მკლავში თითო ტყვია მომხვდა. ადგილზე ვიმყოფებოდი ჟურნალისტის რანგში - იმ პერიოდში ვიყავი საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის რეპორტიორი. დღეს ამ შემთხვევაზე გამოცხადდა გადაწყვეტილება - 3 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩემს საქმეზე მე და საია, რომელიც ჩემი უფლებადამცველია, ვითხოვდით 25 000 ლარს (დიდი მადლობა მათ გვერდში დგომისთვის).

4 წლის განმავლობაში თითოეულ წინგადადგმულ ნაბიჯს თვეები მიჰქონდა, დაზარალებულადაც შემთხვევიდან დაახლოებით 2 წელიწადში მაღიარეს (მადლობა ტელეკომპანია "იმედსაც" ამ კადრის გადაღებისთვის). შსს-ს თითიდან გამოწოვილი მიზეზებით სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა როგორც იქნა გავედით ფინალში". - წერს აბაშიძე.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეიძლება გაიწელოს, რადგან, სავარაუდოდ, შსს მას გაასაჩივრებს. აბაშიძე დასძენს, რომ ჟურნალისტებისა და მოქალაქეების საქმეზე გადაწყვეტილებებს ელოდებიან ევროპული სასამართლოდანაც.

5 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც, რომელიც სასამართლოში ჟურნალისტის ინტერესებს წარმოადგენს.

"სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დასრულებამდე დადგა, რომელიც მიმდინარეობს საპროტესტო შეკრებისას სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ძალადობისა და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე". - წერს საია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეებზე 15-მდე პირმა მიმართა, მათ შორის აქციის მონაწილეებმა, ჟურნალისტებმა და შემთხვევით გამვლელებმა.

წაიკითხეთ 20 ივნისის მოვლენების შესახებ სტატია ტაბულას არქივიდან: გავრილოვის ღამე – გამოუცხადებელი დარბევის ქრონიკა

კომენტარები