ბობ მენენდესი

ამერიკელი სენატორის ცოლმა 2018 წელს კაცი მანქანით გაიტანა და მოკლა – მედია

ნიუ ჯერსის დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი და მისი ცოლი, ნადინ მენენდესი ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში მისვლისას, 2023 წლის 27 სექტემბერი
Jeenah Moon/AP Photo

ამერიკული მედიის ცნობით, დემოკრატი სენატორის, ბობ მენენდესის ცოლმა და მასთან ერთად ქრთამის აღების დანაშაულზე ბრალდებულმა, ნადინ არსლანიან მენენდესმა 2018 წელს ნიუ-ჯერსიში კაცი მანქანით გაიტანა და მოკლა.

The Record-მა და The New York Times-მა, პოლიციის ანგარიშებსა და პოლიციის კამერის ვიდეოზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ნადინ მენენდესი, რომელიც იმ დროს სენატორ ბობ მენენდესს ხვდებოდა, პოლიციამ პატარა ქალაქ ბოგოტაში მომხდარ ავარიაში უდანაშაულოდ მიიჩნია, იმ მიზეზით, რომ მსხვერპლმა, რიჩარდ კუპმა, ქუჩა ქვეითთა მოძრაობისთვის შეუსაბამო ადგილას გადაჭრა.

ანგარიშის მიხედვით, ნადინი, რომლის მერსედესიც დაჯახების შედეგად სერიოზულად დაზიანდა, არც დაუკავებიათ და მისთვის არც ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ტესტი ჩაუტარებიათ. პოლიციელებმა სენატორის მომავალ მეუღლეს შემთხვევის ადგილის დატოვების უფლება მისცეს.

The New York Times-ის ცნობით, ავარიის ადგილას მივიდა პენსიაზე გასული პოლიციელი, რომელმაც ადგილზე მყოფ ოფიცრებს უთხრა, რომ მენენდესს არ იცნობდა, მაგრამ ქალი მისი მეგობრის ცოლის მეგობარი იყო, რის გამოც სურდა მას დახმარებოდა.

არ არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ სენატორი მენენდესის სახელმა შემთხვევის გამოძიებაზე რაიმე სახის ზეგავლენა იქონია, თუმცა ავარიის მოწმემ The New York Times-ს უთხრა, რომ მან გაიგო როგორ უმეორებდა ნადინი პოლიციელებს, რომ ვიღაცასთან დარეკვას აპირებდა.

ნიუ-ჯერსიში მომხდარი შემთხვევა, თუმცა არა მისი გარემოებები, ნახსენებია სენატორის, მისი მეუღლისა და კიდევ სამი ბრალდებულის - ვაელ ჰანას, ხოსე ურიბესა და ფრედ დეიბსის - საბრალდებო დასკვნაშიც. დოკუმენტის თანახმად, ურიბემ, ბიზნესმენმა, ნადინ მენენდესისთვის ახალი მერსედესის ყიდვა დააფინანსა, სანაცვლოდ კი სენატორი მენენდესი ურიბეს წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ზეგავლენის მოხდენას შეეცადა.

ავტომობილის მართვის დროს წესების დარღვევისთვის ნადინ მენენდესი რამდენჯერმე დააჯარიმეს. ბოლოს, მას მანქანის ტარების დროს ტელეფონზე საუბრისთვის ჯარიმის სახით 240 დოლარის გადახდა 2021 წელს მოუწია.

ნიუ ჯერსის შტატის სენატორს, ბობ მენენდესსა და მის ცოლს ქრთამის აღების დანაშაულზე ბრალი 22 სექტემბერს წარუდგინეს. 23 სექტემბერს ბრალდებულმა სენატორმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დროებით დატოვა.

კომენტარები