ბობ მენენდესი

აშშ-ს სენატორმა, ბობ მენენდესმა მექრთამეობის ბრალდების გამო თანამდებობა დროებით დატოვა

ბობ მენენდესი
Washingtonexaminer

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბობ მენენდესმა მექრთამეობის ბრალდების გამო თანამდებობა დროებით დატოვა

სენატორის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ მენენდესი საკუთარ პოსტს "საკითხის გადაწყვეტამდე" არ დაუბრუნდება.

იუსტიციის დეპარტამენტის პროკურორების მტკიცებით, წყვილმა ქრთამი ეგვიპტის მთავრობისთვის ფარულად დახმარების, კონკრეტულად კი სამი ბიზნესმენის - ვაელ ჰანას, ხოსე ურიბესა და ფრედ დაიბესის - გამდიდრებაში დახმარების სანაცვლოდ მიიღეს.

საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, მენენდესმა ქრთამის გამცემი მხარის დასახმარებლად საკუთარი თანამდებობა და გავლენა გამოიყენა. 

ბრალდება იუსტიციის დეპარტამენტის რამდენიმეწლიან გამოძიებას მოჰყვა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 2022 წლის ზაფხულში ფედერალურმა აგენტებმა მენენდესის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ქრთამის აღების შესახებ წარმოებული შეთანხმების მტკიცებულებები იპოვეს, მათ შორის ტანსაცმელში, კარადებსა და სეიფში დამალული $480 000-ზე მეტი ნაღდი ფული და $100 000 ღირებულების ოქროს ზოდები. ამას გარდა, აღმოჩნდა, რომ ავტოფარეხში მდგარი Mercedes-Benz-ის მარკის ძვირადღირებული მანქანის თანხა აღნიშნული სამი ბიზნესმენიდან ერთ-ერთის, ურიბეს მიერ იყო გადახდილი. 

ბრალდებების გასაჯაროების შემდგომ საზოგადოების ნაწილი და ამასთან, კონგრესის ოთხი წევრი სენატორს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

ნიუ ჯერსის გუბერნატორის, ფილ მერფის თქმით, ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ ისინი საფრთხის ქვეშ აყენებს სენატორ მენენდესის უნარს, ეფექტურად წარმოადგინოს შტატის საზოგადოება. 

წყვილი ბრალდებებს უარყოფს, ხოლო მენენდესი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და უთითებს, რომ ის თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.

"წლების განმავლობაში, არაერთხელ ცდილობდნენ ჩემი ხმის ჩახშობასა და ჩემთვის პოლიტიკური საფლავის გათხრას. მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წლის წინ ამ გამოძიების შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, ანონიმური წყაროების მიერ აქტიური ცილისწამების კამპანია მიმდინარეობს... დარწმუნებული ვარ, რომ როგორც კი ყველა ფაქტი წარმოდგენილი იქნება და მათ ჩემი თანამემამულე ნიუ ჯერსელები ნახავენ, ეს საკითხი მოგვარდება". - თქვა მენენდესმა.

თეთრი სახლისა და ამერიკაში ეგვიპტის საელჩოს წარმომადგენლები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. 

კომენტარები