საქართველო-რუსეთი

ზურაბიშვილი თავად იწონებდა ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას, რომელსაც ახლა "აზიარებს"

პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მას სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.

"პრეზიდენტმა მთხოვა, რომ გამეზიარებინა. 2019 წლის სექტემბერში საგარეო საქმეთა მინისტრი გენერალური ასამბლეის დროს შეხვდა ლავროვს და მოლაპარაკებები გამართა. ეს პრეზიდენტმა გუტერეშისგან გაიგო ოფიციალური შეხვედრის დროს" - თქვა ჩუგოშვილმა.

დავით ზალკალიანი და სერგეი ლავროვი ერთმანეთს ნიუ-იორკში, გაეროს სამიტის ფარგლებში, 2019 წლის 26 სექტემბერს შეხვდნენ. ეს ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა გამოცემა კომერსანტმა გაავრცელა, შემდეგ კი, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა დაადასტურა.

2019 წელს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ქართული ოცნების მხარდაჭერით არასრული ერთი წლით ადრე აირჩიეს, იწონებდა საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრების ნიუ-იორკში შეხვედრას და ამბობდა, რომ არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის და დიპლომატიის გზა.

"ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ამ ტიპის კონფლიქტი და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი თავის ტერიტორიაზე, არსებობს ორი გზა. ერთი არის ომის და სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით, მეორე არის დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი თავის თავში. ძალიან ნიშანდობლივი არის, რომ ამ შეხვედრის შემდეგ რეაქციები, რაც მოვისმინეთ, ეს იქნება ამერიკიდან, სახელმწიფო დეპარტამენტისგან თუ ასევე ევროკავშირის, ასევე მოგერინის უწყებიდან, ან კიდევ გენერალური მდივნიდან, ყველა გამოხმაურება, რაც მოვისმინეთ ამ შეხვედრის შესახებ, იყო დადებითი, იყო პოზიტიური, რომ თქვენ უნდა სცადოთ, ჩვენც თქვენთან ვართო. ჩვენ მარტო ერთი ერთზე არა ვართ და არასდროს ვიქნებით, ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, მაგრამ ის, რომ ჩვენ გავჩერდეთ და იზოლაციაში და გაჩერებულ მდგომარეობაში ვიყოთ, ალბათ სწორი არ არის", - ამბობდა ზურაბიშვილი. 

აღსანიშნავია, რომ როგორც გაზეთი კომერსანტი წყაროზე დაყრდნობით წერდა, ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრის სურვილი ქართული მხარისგან იყო წასული. მოგვიანებით, იგივე თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. საპასუხოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობდნენ, რომ შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა შვეიცარიის კონფედერაციის ორგანიზებით და ჩართულობით, ხოლო "სხვა დანარჩენი გახლავთ ინსინუაციები თემაზე".

დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის გაეროში მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო.

კომენტარები