ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა

МИД: ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის მიზანი მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის მოძებნა იყო

დავით ზალკალიანი / სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრის მიზანი მძიმე მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა იყო.

"სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ გვესმის ძირითადად თეზისები "ოკუპაციის" შესახებ. როგორც ჩანს, ჩვენი ქართველი კოლეგები შეშფოთებულნი არიან არა იმდენად მოლაპარაკებების შინაარსით და მიმართულებებით, როგორც პროტოკოლისა და ფორმატის საკითხებით.

ნიუ იორკში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 12 წლის შემდეგ პირველად მიზნად ისახავდა იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლის პოვნას, რომელშიც აღმოჩნდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, მათ შორის, კარგად ცნობილია ივნისი-ივლისის მოვლენების შემდეგ",- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და მადლობას უხდის შვეიცარიას, "რომელიც ბოლო 11 წლის განმავლობაში წარმოადგენს რუსეთის ინტერესებს საქართველოში და საქართველოსას - რუსეთში. მადლობა იმ დახმარებისთვის, რომლითაც ეს შეხვედრა გაიმართა".

რუსეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები 26 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვდნენ. ინფორმაცია თავდაპირველად რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. მოგვიანებით განცხადება ზალკალიანის უწყებამაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა შვეიცარიის შუამდგომლობით და მათი ინიციატივით შედგა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეხვედრა თავად მინისტრმა ზალკალიანმა მოითხოვა. 

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის გია ვოლსკის თქმით, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ნამდვილად საქართველომ მოითხოვა, თუმცა, მისი შეფასებით, ეს "ქედის მოხრას" და "საერთაშორისო კონტექსტიდან საქართველოს ინტერესების ამოვარდნას" არ ნიშნავს.

"საკითხის გაპრიმიტიულება – შეხვედრა ვინ მოითხოვა, პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ასპექტია. მოითხოვა შეხვედრა საქართველომ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რაიმე ნიშნით ქედის მოხრას ან მითუმეტეს, საერთაშორისო კონტექსტიდან ჩვენი ინტერესების ამოვარდნას. პრობლემა ნამდვილად არსებობს და ორი გზით გვარდება – ან შეირაღებული გზით, ან მოლაპარაკების. საერთაშორისო ასპექტი მთლიანად მობილიზებულია, რათა დაძაბულობა როგორმე შევამციროთ",- თქვა გია ვოლსკიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის გამო, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დაიბარა. მოთხოვნა ოპოზიციურმა პარტიამ კომიტეტის თავმჯდომარეს უკვე გაუგზავნა. სოფიო ქაცარავას თქმით, დავით ზალკალიანის მოსმენა "მინისტრის საათის" ფარგლებში ოქტომბერში ისედაც იგეგმებოდა.

"რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნას, თუ საპარლამენტო გრაფიკი ამის შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს" - ამბობს ქაცარავა.

კომენტარები