ნობელის პრიზი

ქიმიაში ნობელის პრემია კვანტური წერტილების კვლევისთვის 3-მა მეცნიერმა მიიღო

ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატების გამოცხადება, სტოკჰოლმი, შვედეთი, 2023 წლის 4 ოქტომბერი
Jonathan Nackstrand/Agence France-Presse — Getty Images

დღეს, 4 ოქტომბერს კვანტური წერტილების აღმოჩენისა და განვითარებისთვის ნობელის პრემია ქიმიაში სამ მეცნიერს, მანგი ბავენდის, ლუის ბრასსა და ალექსეი ეკიმოვს მიენიჭა.

კვანტური წერტილები, რომლებსაც შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემია "ნანოტექნოლოგიების უმცირეს კომპონენტებად" აღწერს, LED-განათებებსა და ეკრანებში გამოიყენება. ამასთან, წერტილები ქირურგებს კიბოს ქსოვილის მოცილებაში ეხმარება.

"დიდი ხნის განმავლობაში არავის ეგონა, რომ ასეთი პატარა ნაწილაკების შექმნა რეალურად შეიძლებოდა, მაგრამ წლევანდელმა ლაურეატებმა ეს შეძლეს". - თქვა იოჰან აკვისტმა, ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ ქიმიის დარგში 2023 წლის ლაურეატების გამოცხადებაზე.

კომიტეტის ცნობით, ლაურეატები პიონერები არიან ნანოსამყაროს შესწავლაში, სადაც მატერია მილიმეტრის მემილიონედებში იზომება.

1980-იანი წლების დასაწყისში ლუის ბრასმა და ეკიმოვმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შექმნეს კვანტური წერტილები. 1993 წელს კი ბავენდიმ კვანტური წერტილების წარმოებაში რევოლუცია მოახდინა და მათი ხარისხი "უკიდურესად მაღალ" დონემდე გაზარდა, რაც დღევანდელ ნანოტექნოლოგიებში მათი გამოყენების წინაპირობა გახდა.

აღსანიშნავია, რომ ქიმიაში ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობამ ოფიციალურ გამოცხადებამდე გაჟონა. ინფორმაცია თავდაპირველად შვედურ მედიაში გავრცელდა, შემდეგ კი ამის შესახებ Reuters-მა და AP-მაც დაწერეს.

შვედური მედიის თანახმად, აკადემიისგან შეცდომით გაგზავნილი ელექტრონული წერილი მიიღეს, თუმცა, Reuters-ის ცნობით, აკვისტმა თქვა, რომ "ეს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის შეცდომაა" და "გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის". მისივე თქმით, კომიტეტის სხდომა ლაურეატების საბოლოოდ შესათანხმებლად ადგილობრივი დროით დილის 9:30-ზე უნდა გამართულიყო, რის გამოც გადაწყვეტილება ჯერ მიღებული ვერ იქნებოდა.

კომენტარები