გრენლანდია

გრენლანდიელი ქალების ჯგუფი სპირალის იძულებითი ჩადგმის გამო დანიისგან კომპენსაციას ითხოვს

67 გრენლანდიელი ქალისგან შემდგარი ჯგუფი 1960-იან წლებში იძულებითი შობადობის კონტროლის გამო დანიის მთავრობისგან კომპენსაციას ითხოვს.

1960-იან წლებში, სულ მცირე, 4 500 ქალს, მათ შორის, თინეიჯერებს, აბორიგენ მოსახლეობაში შობადობის კონტროლისა და შემცირების მიზნით სპირალი ჩაუდგეს.

დანიისა და გრენლანდიის მთავრობების მიერ შექმნილი კომისია არ არის ვალდებული გამოძიების შედეგები 2025 წლამდე წარადგინოს, თუმცა, ქალები, რომელთა ნაწილიც უკვე 70-ზე მეტი წლის არიან, კომპენსაციას ახლავე ითხოვენ.

"არ გვსურს, რომ მოკვლევის შედეგებს დაველოდოთ. ჩვენ ასაკი გვემატება. ჩვენ შორის ყველაზე ასაკოვანი ქალები, რომლებსაც 60-იან წლებში სპირალი ჩაუდგეს, 40-იან წლებში დაიბადნენ და 80 წელს უახლოვდებიან. ჩვენ გვსურს, რომ კომისიამ ახლავე იმოქმედოს". - ამბობს სარჩელის ერთ-ერთი ინიციატორი, ნაია ლიბერთი.

ლიბერთის თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, სპირალები ქალების სხეულისთვის ზედმეტად დიდი ზომის იყო და მათი ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას, მათ შორის, უნაყოფობას იწვევდა. მისივე თქმით, ქალების ნაწილმა საერთოდ არ იცოდა, რომ მათ სპირალი ჩაუდგეს და ამის შესახებ ათობით წლის შემდეგ, გინეკოლოგთან ვიზიტის დროს გაიგეს. ლიბერთი მიიჩნევს, რომ დანიის ხელისუფლება ამ გზით გრენლანდიის პოპულაციის კონტროლსა და მათ სოციალურ უზრუნველყოფაზე ფულის დაზოგვას ცდილობდა.

სარჩელის მიხედვით დაზარალებული ქალები დანიის ხელისუფლებისგან 300 000 დანიურ კრონას (42 150 აშშ დოლარი) ითხოვენ.

კამპანიის მასშტაბზე საუბარი გასულ წელს დანიური სამაუწყებლო კომპანია DR-ის მიერ გამოქვეყნებული პოდკასტის შემდეგ დაიწყო. ეროვნული არქივის ჩანაწერები აჩვენებს, რომ მხოლოდ 1966 წლიდან 1970 წლამდე სპირალი გაფრთხილების ან თანხმობის გარეშე ასობით ქალს ჩაუდგეს, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა კი 13 წლის იყო.

გრენლანდიის ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, 1969 წლის ბოლოს მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალების 35%-ს სპირალი ჰქონდა ჩადგმული.

გრენლანდია, რომელიც დღეს დანიის ნახევრად სუვერენული ტერიტორიაა, 1953 წლამდე დანიის კოლონია იყო. დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე დიდ კუნძულზე, დაახლოებით 57 000 ადამიანი ცხოვრობს. უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტერიტორიას აქვს საკუთარი დროშა, ენა და ჰყავს პრემირმინისტრი, თუმცა, ვალუტა, სასამართლო და უსაფრთხოების სისტემები კვლავ დანიის ხელისუფლების კონტროლქვეშ რჩება.

კომენტარები