მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ბაქოს მთიან ყარაბაღში მცხოვრები 200-მდე სომეხის დაკავება სურს – Reuters

 REUTERS/David Ghahramanyan

სააგენტო Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აზერბაიჯანს აქვს მთიან ყარაბაღში მცხოვრები ორასამდე სომეხი ადამიანის სია, რომელთა დაკავება სხვადასხვა დანაშაულის ბრალდებით სურს

სააგენტო არ აკონკრეტებს, ვისი სახელებია ამ სიაში და არც იმას, თუ ვინაა მისი წყარო, რომელზეც ნათქვამია, რომ "მაღალი რანგის დიპლომატია".

ბაქომ უკვე დააკავა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რუბენ ვარდანიანი. აზერბაიჯანმა მას ბრალი სამი მუხლით წარუდგინა: ტერორიზმის დაფინანსება, არალეგალური შეიარაღებული ორგანიზაციების შექმნაში მონაწილეობა და აზერბაიჯანში უკანონო ჩასვლა. ვარდანიანი ოთხი თვით დააკავეს.

ამასთან, 28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის მრჩეველი, დავიდ ბაბაიანი აზერბაიჯანულ მხარეს ჩაბარდა

სომხების მიერ ყარაბაღს მასობრივი დატოვება 19 სექტემბერს აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის შემდეგ დაიწყო. საომარი მოქმედებების დაწყებამდე ბაქომ პროსომხური ძალები ტერორისტულ თავდასხმებსა და რეგულარულ დაბომბვაში დაადანაშაულა. ერთი დღის შემდეგ კი, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელისუფლებამ ბაქოს პირობებით კაპიტულაცია გამოაცხადა.

28 სექტემბერს ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც 2024 წლის 1 იანვრიდან ე.წ რესპუბლიკა არსებობას შეწყვეტს.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკურად სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქოს რეგიონის დიდ ნაწილზე კონტროლი არ ჰქონია. 

როდესაც მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და რესპუბლიკის შექმნა, იგი არც ერთმა ქვეყანამ, მათ შორის, არც სომხეთმა არ აღიარა. აზერბაიჯანმა სამი წლის წინ 44-დღიანი ომის შედეგად რეგიონის ნაწილზე კონტროლის აღდგენა მოახერხა, მაგრამ მხარეებს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელი ჯერაც არ მოუწერიათ. 

კომენტარები