ლუის ინასიო ლულა და სილვა

ბრაზილიის პრეზიდენტს მენჯ-ბარძაყის დაზიანებულ სახსარს პროთეზით შეუცვლიან

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა

ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიო ლულა და სილვას დღეს, 29 სექტემბერს მენჯ-ბარძაყის დაზიანებული სახსრის პროთეზით შეცვლის ოპერაციას ჩაუტარებენ.

პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენლის, ანდრეა კორდეიროს თქმით, ოპერაციის შემდეგ 77 წლის პრეზიდენტი რამდენიმე დღის განმავლობაში დედაქალაქ ბრაზილიაში მდებარე სირიო-ლიბანესის საავადმყოფოში დარჩება, მოგვიანებით კი საპრეზიდენტო სასახლეში დაბრუნდება.

ბრაზილიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორის, პაულო კალმონის თქმით, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ლულას ოპერაციამ მნიშვნელოვანი გავლენა არ უნდა მოახდინოს.

"დიდი ალბათობით, ლულა გამოჯანმრთელების პერიოდში გააგრძელებს ძირითად გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენას და ნამდვილად მოითხოვს, რომ ყველაფერზე, რაც ხდება, ინფორმირებული იყოს". - თქვა კალმონმა.

მენჯ-ბარძაყის სახსრის შეცვლის ოპერაცია არც ისე რთული პროცედურაა და 2-დან 3 საათამდე გრძელდება. ბევრი პაციენტი ოპერაციის შემდეგ სრულ რეაბილიტაციამდე სიარულისას ბალანსის შესანარჩუნებლად კასტილებს, ჯოხს, ან სხვა საშუალებებს იყენებს.

ლულა ბრაზილიის ისტორიაში ყველაზე მოხუცი პრეზიდენტია. 2022 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ის ხშირად ხუმრობდა, რომ 70 წელს გადაბიჯების მიუხედავად, "30 წლის კაცის ენერგია და 20 წლის კაცის ჟინი" აქვს.

კომენტარები