რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონელი ექსპერტების მიხედვით, 2022 წელს პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინას ეკუთვნის

პოლონელი ექსპერტების მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში, პოლონეთში უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინას ეკუთვნის. 

პოლონური მედიის ცნობით, პოლონელმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ რაკეტა, რომელმაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, შეუძლებელია რუსეთიდან ყოფილიყო გასროლილი. 

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს პოლონეთის ეროვნული პროკურორის ოფისის სპიკერი, ლუკაშ ლაფჩინსკი, რომელიც საკითხის კონფიდენციალურობის გამო არსებულ მასალებს არ ასაჯაროვებს. თუმცა, ლაფჩინსკი ამბობს, რომ პოლონურმა მხარემ უკრაინას ამ საკითხზე უკვე მიმართა და პასუხის მოლოდინშია. 

ექსპერტების მიხედვით, რუსული წარმოების S 300 5-W-55 ტიპის რაკეტის გასროლა უკრაინის ტერიტორიიდან მოხდა. როდესაც რუსეთი უკრაინის დასავლეთ ნაწილს ბომბავდა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რაკეტების მოსაგერიებლად ანტისარაკეტო S 300 5-W-55 ტიპის რაკეტები გამოიყენეს, კერძოდ, მეტი ეფექტიანობისთვის, უკრაინელები აღნიშნულ რაკეტებს წყვილებად უშვებდნენ, აქედან ერთი მიზანს ხვდებოდა, ხოლო მეორე აგრძელებდა ფრენას. 

ასეთ სიტუაციაში, ერთ-ერთი ექსპერტის მტკიცებით, როდესაც რაკეტა გარკვეულ სიმაღლეს აღწევს, ის ავტომატურად თვითგანადგურების რეჟიმში გადადის. თუმცა, გაუგებარი მიზეზის გამო, ერთ-ერთი რაკეტა არ განადგურდა და პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ექსპერტების მიხედვით, რაკეტის რადიუსი 75-დან 90 კილომეტრამდეა, რაც გამორიცხავს, რომ ის შეიძლება, რუსეთის ძალებს გაესროლათ - რუსების იმდროინდელი პოზიციებიდან შეუძლებელი იყო, მათ ნებისმიერ რაკეტას პოლონეთამდე მიეღწია. ექსპერტები ასევე გამორიცხავენ, რომ რაკეტა ბელარუსის ტერიტორიიდან გაისროლეს, ვინაიდან, რუსეთს ბელარუსში აღნიშნული რაკეტა განთავსებული არ ჰქონდა და რომც ჰქონოდა, პშევოდოვამდე მანძილი 150 კილომეტრი იქნებოდა.

პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელში რუსული რაკეტა 2022 წლის 16 ნოემბერს ჩამოვარდა.  შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. შედეგად, ქვეყნის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ უსაფრთხოების საბჭო მოიწვია.

მომხდარის გამო პოლონეთი NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესაძლებლობას განიხილავდა.

შემთხვევასთან რუსული რაკეტების კავშირი უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, რომლის მტკიცებითაც, ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა" და მათ პოლონეთი-უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიშები არ მიუტანიათ.

მანამდე, 15 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიდევ ერთხელ მიიტანა მასობრივი იერიშები. თავდასხმების შედეგად ქვეყნის დიდ ნაწილს შეუწყდა ენერგომომარაგება. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა უკრაინის მეზობელ მოლდოვის ზოგიერთ რეგიონშიც.

კომენტარები