რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი

რესპუბლიკური პრაიმერის მე-2 დებატები 27 სექტემბერს გაიმართება – ტრამპი მასაც გამოტოვებს

რესპუბლიკური პარტიის სახელით საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლი პოლიტიკოსები პრაიმერის პირველ დებატებზე, 2023 წლის 23 აგვისტო
AP Photo/Morry Gash, File

რესპუბლიკური პრაიმერის მეორე დებატებში შვიდი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. დონალდ ტრამპი, რომელმაც პირველი დებატები გამოტოვა, 27 სექტემბერს კალიფორნიაში, რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გასამართ დებატებში მონაწილეობაზეც უარს ამბობს. დებატების მიმდინარეობისას ტრამპი მიჩიგანის შტატში გამართავს ღონისძიებებს.

პირველ დებატებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა მეორე დებატებში მონაწილეობის კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა ასა ჰაჩინსონმა. სანაცვლოდ ისიც მიჩიგანში ჩავა და "დონალდ ტრამპის ცრუ დაპირებებთან" დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

27 სექტემბერს დებატებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი, სენატორი სამხრეთ კაროლინადან, ტიმ სკოტი, აშშ-ს ყოფილი ელჩი გაეროში, სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი და დებატებში მონაწილე ერთადერთი ქალი, ნიკი ჰეილი, ახალბედა პოლიტიკოსი, ვივეკ რამასვამი, ნიუ-ჯერსის ყოფილი გუბერნატორი, კრის კრისტი, ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორი, დაგ ბურგუმი და ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, მაიკ პენსი.

მეორე დებატებში კვალიფიკაციისთვის კანდიდატებს ორ ეროვნულ გამოკითხვასა და აიოვას, ნიუ-ჰემფშირის, ნევადასა და სამხრეთ კაროლინას შტატებში ჩატარებულ გამოკითხვებში მინიმუმ 3%-იანი მხარდაჭერა უნდა ჰქონოდათ.

ამასთან, პრეზიდენტობის მსურველებს დებატებში მონაწილეობისთვის მინიმუმ 50 000 უნიკალური დონორი უნდა ჰყოლოდათ, აქედან 200 ოცი სხვადასხვა შტატიდან ან ტერიტორიიდან. მათ ასევე ხელი უნდა მოეწერათ რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის ფიცს, რომ საბოლოო საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს დაუჭერენ.

რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის პირველი დებატები ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში 23 აგვისტოს, Fox News-ის მასპინძლობით გაიმართა.

კომენტარები