რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი

ვისკონსინში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის პირველი დებატები გაიმართა

ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში გამართული რესპუბლიკური პრაიმერის პირველი დებატები, 2023 წლის 23 აგვისტო.
Win McNamee/Getty Images

ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში, 23 აგვისტოს Fox News-ის მასპინძლობით რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზის პირველი დებატები გაიმართა. 2024 წლის არჩევნებზე პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის მებრძოლი პოლიტიკოსებიდან დებატებში მონაწილეობის კრიტერიუმები მხოლოდ ცხრამ დააკმაყოფილა, თუმცა მილუოკიში გამართულ ღონისძიებაში მხოლოდ 8 მათგანმა მიიღო მონაწილეობა. ტრამპმა, რომელიც ამბობს, რომ ისედაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ღონისძიება გამოტოვა.

კანდიდატები ერთმანეთს სხვადასხვა საკითხზე დაუპირისპირდნენ. მათ შორის იყო აბორტის საკითხი, რუსეთის ომში აშშ-ს დახმარება უკრაინისთვის და ფედერალური მთავრობის მართვისთვის საჭირო გამოცდილება.

თუმცა, ძირითადი ყურადღება რესპუბლიკური პარტიის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევასთან დაკავშირებით კანდიდატების პასუხმა მიიპყრო. დებატებში მონაწილე პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსმა, არკანზასის ყოფილი გუბერნატორის, ასა ჰაჩინსონის გარდა, თქვა, რომ ისინი პრაიმერიზში ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში მას სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებენ, მაშინაც კი, თუ ყოფილ პრეზიდენტს რიგ საქმეებში, მათ შორის საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვის, 2020 წლის არჩევნების შედეგების ამოტრიალების მცდელობისა და კაპიტოლიუმის შტურმის საქმეებზე დამნაშავედ ცნობენ.

"მოდი უბრალოდ სიმართლე ვთქვათ, პრეზიდენტი ტრამპი, მჯერა, 21-ე საუკუნეში საუკეთესო პრეზიდენტი იყო. ეს ფაქტია". - თქვა ერთ-ერთმა კანდიდატმა, ვივეკ რამასვამიმ.

მსგავსი განცხადებები მოწმობს, რომ რესპუბლიკური პარტიის ლიდერები ჯერ კიდევ ერიდებიან ტრამპთან ღია დაპირისპირებას, რაც ისევ ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებს მაშინ, როდესაც პარტიის აიოვას კონფერენციამდე, რომელიც 2024 წლის 15 იანვარს ჩატარდება და რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატის ნომინაციის პროცესის ოფიციალურად დაწყების ათვლის წერტილია, 5 თვეზე ნაკლები რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი დებატებს არ ესწრებოდა, რესპუბლიკურ პარტიაში რიგ საკითხებთან დაკავშირებული დაპირისპირება მაინც გამოიკვეთა.

უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით რეიტინგით ტრამპის მომდევნო კანდიდატმა, რონ დესანტისმა თქვა, რომ ის კიევისთვის მეტი თანხის გამოყოფის წინააღმდეგია და დასძინა, რომ ეს ფული ნარკოტიკებითა და ადამიანებით ვაჭრობისგან აშშ-ს საზღვრების დაცვაზე უნდა იხარჯებოდეს. მას დაეთანხმა რამასვამიც.

საპირისპიროდ, ყოფილმა ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თქვა, რომ კიევის დახმარება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია და უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში პუტინი აგრესიას ევროპაში შტატების მოკავშირეებზე გააფართოებს.

"ყველა, ვინც ფიქრობს, რომ შეერთებულ შტატებში პრობლემების მოგვარებასთან ერთად თავისუფალი სამყაროს ლიდერობა არ შეგვიძლია, დედამიწაზე ყველაზე დიადი ერის შესახებ მცირე წარმოდგენისაა". - აღნიშნა პენსმა.

ტრამპმა Fox News-ის მასპინძლობით ჩატარებულ დებატებში მონაწილეობის მაგივრად, ინტერვიუ ჩაწერა მედიიდან გათავისუფლებულ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან, რომელმაც ონლაინ გადაცემების გაშვება სოციალურ ქსელ Twitter-ზე (ახლანდელ X-ზე) დაიწყო.

კომენტარები