სანქციების თავიდან არიდება

კუპრაძე: საქართველოს გავლით რუსული სანქცირებული ტვირთები, მათ შორის, ნავთობი მიედინება

ლელო

პარტია ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის თქმით, საქართველოს გავლით ყოველდღიურად ხდება რუსული სანქცირებული ტვირთების, მათ შორის, ნავთობის მესამე ქვეყნებში გადინება. კუპრაძე ამბობს, რომ მათ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები შესაბამისი დოკუმენტების სახით მოიპოვეს.

"დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს მტკიცებულებები, ფაქტები და დოკუმენტები, რომლის მიხედვით მტკიცდება, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველო შავ ხვრელად და რუსეთისთვის დახმარების ერთადერთ წყაროდ აქცია. ცხადი ხდება, რომ ყოველდღიურად საქართველოს გავლით რუსული სანქცირებული ტვირთები მიედინება, მათ შორის, ნავთობი [...] ჩვენ გვაქვს სქრინი, რომელიც სასაზღვრო დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, გოჩა ბერიძემ მოიპოვა, ვინც ახლა უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში, დევნილობაში იმყოფება. ამ ფურცელზე ვხედავთ არაერთი რუსული გემის, მათ შორის, კალოპესა და გლორიას გადაადგილებას რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით [...] სავარაუდოდ, ხდება იმ სანქცირებული ტვირთების წარმომავლობის გათეთრება, რომელიც საქართველოში შემოდის, შემდეგ კი მისი მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირება". - თქვა კუპრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კუპრაძის თქმით, მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტაციას თან ახლავს საქართველოს შესაბამისი უწყებების, სასაზღვრო, საზღვაო დეპარტამენტის მონაცემები ტვირთების ოდენობასა და მათ სახეობებთან დაკავშირებით. 

კუპრაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების კლანის წევრების, მათ შორის, მისივე თქმით, ვანო ჩხარტიშვილის გასამდიდრებლად, საქართველო რუსეთისთვის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობს.

კომენტარები