რუსეთი

400-მდე შეიარაღებულმა ირკუტსკში ნავთობსაწარმო დატოვა, დაბრუნებით იმუქრებიან – SHOT

კადრები SHOT-ის გავრცელებული ვიდეოდან, რომელშიც დაქირავებული შეიარაღებული პირები ჩანან 

რუსული ტელეგრამ-არხი SHOT-ის ცნობით, გაურკვეველი დაცვის კერძო კომპანიის შეიარაღებულმა პირებმა ირკუტსკში ნავთობკომპანია დულისმას ტერიტორია დატოვეს, თუმცა დამხმარე ძალითა და ახალი შეიარაღებით უკან დაბრუნებით იმუქრებიან.

როგორც SHOT-ი საკუთარ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, კირენსკის რაიონში მდებარე ნავთობკომპანიის ყოფილი მეპატრონეები იღებენ ბოლო ზომებს, რათა საწარმოს სამთავრობო საკუთრებაში გადასვლას ხელი შეუშალონ. როგორც ტელეგრამ-არხი წერს, დაძაბულობის შემდეგ, სასამართლოს მიერ კომპანიისთვის დანიშნულმა საარბიტრაჟო ხელმძღვანელობამ შეიარაღებული პირების საწარმოს ტერიტორიიდან გაყრა ჩქარი რეაგირების სპეციალური დანაყოფისა (СОБР) და სპეციალური დანიშნულების მობილური რაზმის (ОМОН) დახმარებით შეძლეს.

SHOT-ის ინფორმაციით, შეიარაღებული პირები საწარმოს ტერიტორიის პროკურატურის შემოწმების წინ გაფრინდნენ. მაგრამ ტელეგრამ-არხი ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ ირკუტსკის აეროპორტში ხელახლა გამოჩნდა კამუფლიაჟში გამოწყობილი პირების დიდი რაოდენობა. SHOT-ის ცნოვით, საარბიტრაჟო ხელმძღვანელობა ახალი შტურმისთვის ემზადება.

დაძაბულობა კომპანია დულისმას გარშემო 10 სექტემბერს დაიწყო. ინფორმაცია სიტუაციაზე დაკავშირებით ნაწილ-ნაწილ ვრცელდებოდა და უცნობია, ზუსტად როგორ განვითარდა მოვლენები.

აქამდე, 1 დღით ადრე ირკუტსკის ადგილობრივი მედია 22 სექტემბრის მოვლენებს კომპანიის საარბიტრაჟო ხელმძღვანელობის წარმომადგენლის, ვალერი როსლიაკოვის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერდა. მისი თქმით, 22 სექტემბერს 40-ზე მეტი შეიარაღებული პირი კომპანია დულისმას ნავთობის მიწოდების პუნქტის ტერიტორიაზე კვლავ შევიდა.

მედიის ცნობით, როსლიაკოვი დაქირავებულებთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, რომ მათ დაეტოვებინათ ნავთობის მიწოდების პუნქტი, რომელიც კომპანია ტრანსნეფტის მილსადენიდან 100 მეტრში მდებარეობს.

ირკუტსკული მედია წერდა, რომ დულისმას დროებითმა ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ზოლოტუხინმა რუსეთის შსს-ს, როსგვარდიასა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მიმართა. ამას გარდა, წესრიგის დასამყარებლად პირადად მივიდა კირენსკის რაიონის პროკურორთან, სერგეი მაკეევთან და მისი წყალობით დაქირავებულებთან შეტაკება თავიდან აირიდა. როსლიაკოვი ამბობდა, რომ ამის შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა ნავთობის გადაცემის პუნქტი დატოვეს და მანქანებით კირენსკში წავიდნენ.

ზოლოტუხინის ცნობით, მხოლოდ ამ ობიექტზე, სადაც 40 კაცი შევიდა, ავზებში 14 ტონა ნავთობია. პროდუქტის გადაყიდვით მიმტაცებლებს 600 მილიონი რუბლის შოვნა შეეძლოთ. ზოლოტუხინი ფიქრობს, რომ შეიარაღებულ პირთა კომპანიაში შეჭრა შესაძლოა იყოს კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელობის მცდელობა, დაფარონ ნავთობის მიტაცების ფაქტები. ირკუტსკული მედია წყაროს მითითების გარეშე წერს - დადგენილია, რომ ნავთობის გადაცემის პუნქტზე შეიარაღებული პირები შპს Русь-Ойл-ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვადიმ სტეპანოვმა გამოიძახა, ხოლო გამშვებ პუნქტზე გასვლის უფლება მათ როსგვარდიას დაქვემდებარებული ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო Охрана-ს ხელმძღვანელმა, რაფაელ ალიევმა მისცა.

10 მაისს შპს Русь-Ойл-ისა და მისი შვილობილი კომპანიების აქტივები ზამოსკვორეცკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა. 

ნავთობკომპანია დულისმას გარშემო დაძაბულობა 10 სექტემბერს დაიწყო. არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ ვინ დაიქირავა შეიარაღებული პირები. ვრცლად გასული კვირის მოვლენებზე წაიკითხეთ აქ – კერძო სამხედროები ალყას აგრძელებენ – ირკუტსკში ნავთობსაწარმოს გარშემო დაძაბულობა გრძელდება.

კომენტარები