რუსეთი

კერძო სამხედროები ალყას აგრძელებენ – ირკუტსკში ნავთობსაწარმოს გარშემო დაძაბულობა გრძელდება

დაცვის კერძო კომპანიის სამხედროები თხრილთან
SHOT

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში კომპანია დულისმას გარშემო არსებული დაძაბულობა გრძელდება.

რუსულმა ტელეგრამ-არხმა SHOT-მა 20 სექტემბრის დღის პირველ ნახევარში გაავრცელა ცნობა, რომ დაცვის კერძო კომპანიის 400-მდე შეიარაღებულ პირს საწარმო ალყაში ჰყავდა მოქცეული და იერიშისთვის ემზადებოდნენ. როგორც მედია წერდა, მათ ჯერჯერობით ჩქარი რეაგირების სპეციალური დანაყოფი (СОБР) და სპეციალური დანიშნულების მობილური რაზმი (ОМОН) აჩერებდნენ.

SHOT-ის ინფორმაციით, 400-მდე შეიარაღებული პირი ელოდა, როდის დატოვებდნენ კომპანიის ტერიტორიას მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, რათა შემდეგ საწარმოს დროებითი მმართველი და მისი დაცვა გაეძევებინათ. ამის შესახებ SHOT-თან თავად კომპანია დულისმას საარბიტრაჟო მმართველმა, ალექსანდრ ზოლოტუხინმა ისაუბრა.

როგორც SHOT-ი წერს, დულისმა ნავთობს იპოვებს ირკუტსკის ოლქის კირენსკის რაიონში. ვალდებულების მიხედვით, მათ ნედლი რესურსი ტრანსნეფტისთვის უნდა გადაეცათ. ზოლოტუხინის თქმით, გასული წლის დეკემბრის შემდეგ, ნედლი ნავთობის გადაცემის პროცესი შეწყდა. ამის ნაცვლად დულისმა ნავთობს უსასყიდლოდ აძლევდა შპს პრილენსკის. ითვლება, რომ დულისმასა და პრილენსკის ერთი მფლობელი ჰყავთ. ამ ტრანსპორტირების შემდეგ ნავთობი ქრებოდა.

კომპანიის არბიტრაჟულ მმართველად მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ ზოლოტუხინი დანიშნა. ის კომპანიის საქმიანობას უნდა დაჰკვირვებოდა და ქონების შენახვა უნდა უზრუნველეყო. SHOT-ის ცნობით, ამის პარალელურად, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გადასახადების გადახდის გარეშე ნავთობის მოპოვების გამო დულისმას აქციები ბრუნვაში გაშვება მოითხოვა. საჩივარი სასამართლომ დააკმაყოფილა. როდესაც გადაწყვეტილება ძალაში შევა, საწარმო სახელმწიფო საკუთრება გახდება. დულისმას ვალი 190 მილიარდ რუბლს სცდება.

SHOT-ის ცნობით, ზოლოტუხინი საწარმოს ტერიტორიაზე მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან და დაცვასთან ერთად მივიდა, თუმცა წინა ხელმძღვანელობისგან წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდა. როგორც ის ამბობს, დულისმას დირექტორის წარმომადგენლებმა დაიქირავეს 100-მდე მებრძოლი, რომლებიც ვერტმფრენებიდან ჩამოფრინდნენ. მათ მანდატურების და დაცვა ცარიელ შენობებში, გათბობისა და წყლის გარეშე გამოკეტეს, არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას.

როგორც SHOT-ი წერს, დაქირავებული რაზმის ქმედების აღკვეთა და მძევლების გათავისუფლება ადგილობრივმა ОМОН-მა და СОБР-მა შეძლეს, რის შემდეგაც, მანდატურის სამსახურს დოკუმენტების გაფორმებისა და მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცა.

დილით SHOT-ი წერდა, რომ დაქირავებული რაზმის ახალმა ჯგუფმა ნავთობსაწარმო ალყაში მოაქცია და ღრმა მიწათხრილი გათხარა, რათა კომპანიამდე ტრანსპორტით მისვლა შეუძლებელი გამხდარიყო. ტელეგრამ-არხის ცნობით, საწარმოს ტერიტორიამდე მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ვერტმფრენით. SHOT-ის ინფორმაციით, რაზმის გაგდების უფლება არავის აქვს, რადგან ოფიციალურად ისინი აქ მილსადენის გასაყვანად არიან. ალექსანდრ ზოლოტუხინი ფიქრობს, რომ როგორც კი კომპანიის ტერიტორიას მანდატურის სამსახური დატოვებს, მის სამმართველო გუნდსა და დაცვას იქიდან გაყრიან. როგორც თავად ამბობს, სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია მიაწოდა.

20 სექტემბრის საღამოს საათებში SHOT-მა გაავრცელა ცნობა, რომ 400-მდე კაცისგან დაკომპლექტებული რაზმი კვლავ კომპანიის გარშემო რჩებოდნენ, როცა შენობაში, რომელსაც არ მიეწოდებოდა წყალი და გათბობა, არ ჰქონდათ საჭმელი, მანდატურები და მცველები კვლავ ცდილობდნენ კომპანიის დროებითი მმართველისთვის გადაცემის პროცესის გაგრძელებას, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. SHOT-მა გამოაქვეყნა ადგილიდან გავრცელებული ახალი კადრებიც. 

აქამდე დულისმას ტერიტორიაზე ათობით შეიარაღებული პირის შესვლაზე ცნობას ტელეგრამ-არხი BAZA-ც ავრცელებდა. მედია საუბრობდა სექტემბრის პირველ ნახევარში კომპანიის ტერიტორიის მახლობლად დამსხდარ დესანტზე, რომლის წარმომადგენლებიც თავს დაცვის კერძო კომპანიის წარმომადგენლებს უწოდებდნენ. უცნობია თუ ვინ გაგზავნა ობიექტზე შეიარაღებული პირები, თუმცა, როგორც BAZA ხაზს უსვამდა, კომპანია დულისმას აკავშირებენ ბანკი იუგრას მფლობელთან, ალექსეი ხოტინთან, რომელიც ახლა თანხების მითვისების გამო პატიმრობაშია. როგორც BAZA აღნიშნავდა, გასულ წელს ამავე ბიზნესმენის სხვა კომპანიაშიც, კაიუმ ნეფტშიც მსგავსად შეიჭრნენ დაცვის კერძო კომპანიის შეიარაღებული პირები.

იმაზე, რომ ვითარება მძიმედაა და სიტუაციის დამალვა რთულდება, მიუთითებს ისიც, რომ ამ ამბებთან დაკავშირებით რუსულმა სამთავრობო-პროპაგანდისტულმა მედიამაც დაწერა სიახლე.

ТАСС-ის მტკიცებით, ზოლოტუხინმა მათთან თქვა, რომ დულისმას წინააღმდეგ გენპროკურორთან  საჩივარი შეიტანა, რადგან კომპანია ნავთის გადაზიდვის დროს არ იცავდა კანონებს.

ТАСС-ი დულისმასთან დაკავშირებით წერს, რომ კომპანია გაფორმებულია მოსკოვში, მას ეკუთვნის დულისმინის გაზისა და ნავთის საბადო. 2022 წელს კომპანია რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურის საჩივრის საფუძველზე გაკოტრებულად გამოცხადდა

"გენპროკურატურაში პირველი განცხადება გავგზავნე, რათა გამერკვია, 2022 წელს დულისმამ როგორ მოიპოვა 15.8 მილიარდი რუბლის ღირებულების ნავთობი, თუმცა მათ ერთი რუბლიც არ გაუღიათ". – თქვა მედიასთან ზოლოტუხინმა.

სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში, ნათქვამია, რომ უცნობი ადამიანები ხელს უშლიან მანდატურებს, რომლებმაც სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში უნდა მოიყვანონ.

ТАСС-აქამდე ცნობილ დეტალებსაც წერს. ნათქვამია, რომ 10 სექტემბერს Ми-8 ტიპის ვერტმფრენებით მოფრინდნენ კომპანიის სამმართველოს წარმომადგენლები, თან ჰქონდათ დირექტორის ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობები.

"წამოიყოლეს 20-მდე ადამიანი, სპორტული აღნაგობის, აგვიხსნეს, რომ ესენი არიან მუშები, რომლებიც დულისმაში მილსადენის გასაყვანად მოვიდნენ... ღამით, როგორც კი დაბნელდა, კიდევ ოთხი ვერტმფრენით მოფრინდნენ, სავსე იყო მუშებით. ამ მუშებმა ღამით ნიღბები გაიკეთეს, დაბლოკეს მანდატურები, იურისტები და დაცვის თანამშრომლები. დაბლოკეს საერთო საცხოვრებელი, გამორთეს ელექტროენერგია, გაზი, მოიწყვეს მანქანების ბარიკადები, ტერიტორიისკენ მიმავალი გზა სატვირთო მანქანებით გადაკეტეს". - თქვა ТАСС-ის წყარომ.

როგორც ТАСС-ი წერს, მანდატურები ორი დღეა, რაც უწყლოდ და ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ. მისივე ცნობით, 12 სექტემბერს მოფრინდნენ СОБР-ისა და  ОМОН-ის თანამშრომლები, რათა მანდატურთა უსაფრთხოება დაეცვათ და სამუშაო გაგრძელდა.

როგორც ТАСС-ი წერს, მათთან საუბრის დროს კომპანიის დროებითმა მმართველმა თქვა, რომ ის მოსკოვში იმყოფებოდა და მანდატურებისგან იცოდა, რომ საწარმოს შენობასთან უკვე 250-ზე მეტი ადამიანი იმყოფება. მისივე აზრით, სანამ СОБР-ი და ОМОН-ი მოვლენების ადგილზე იმყოფება, მანდატურებს საკუთარი საქმიანობის შესრულება შეეძლებათ. 

ТАСС-ი არ წერს ზოგიერთ იმ დეტალს, რომლებსაც ტელეგრამ-არხები ავრცელებდნენ.

თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც ამას ზოლოტუხინი ამბობს და იკვეთება კომპანიის ძალადობრივი გზით აღებაში თავად მისი ჩართულობაც. ამის შესახებ დეტალები რადიო თავისუფლების პროექტის, Сибирь.Реалии-ის 18 სექტემბერს გამოქვეყნებულ მასალაშია საუბარი.

დამოუკიდებელ მედიასთან ანონიმური სამართალდამცველები ამბობენ, რომ გასულ დღეებში, ათეულობით პირის მიერ კომპანიის ტერიტორიის დაკავება, შესაძლოა, უკავშირდებოდეს კომპანიის მოქმედ ხელმძღვანელობას, რომელიხ სასამართლომ 2022 წელს დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც საწარმოზე დაკვირვების პროცედურა გააქტიურეს. პროექტი ასევე უსვამს ხაზს, რომ 2022 წლის სექტემბერში დულისმა გაკოტრებულად გამოაცხადეს. ამავე წელს სასამართლომ ზოლოტუხინი კომპანიის დროებით მმართველად დანიშნა.

თუ SHOT-ი წერდა, რომ კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც თავდაპირველი რეიდის დროს აიყვანეს, რუსმა სამართალდამცავებმა დაიხსნეს, Сибирь.Реалии წერს, რომ ისინი ცემეს და დულისმას ტერიტორიიდან გამოყარეს.

როდესაც 2019 წელს ბიზნესმენი ალექსეი ხოტინის წინააღმდეგ, მის ბანკთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, რუსეთის საგადასახდო სამსახურმა ამავე პირის კომპანია დულისმაზე შეიტანა საჩივარი 4.4 მილიარდი რუბლის დავალიანებასთან დაკავშირებით. 2022 წლის ნოემბერში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მეშვეობით მიიღო ზომები ხოტინისა და მისი მამის (რომელიც კომპანიების მეწილე იყო) ყველა აქტივთან მიმართებით.

2023 წელს ზოლოტუხინმა, რომელიც უკვე დულისმას დროებითი მმართველი იყო, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მიეღოთ ზომები მისთვის ნავთობკომპანიის ყველა აქტივის გადასაცემად.

"მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება და მანდატურის სამსახურის აღმასრულებითი ბრძანება მიიღო, ზოლოტუხინმა, პარტნიორებთან: ალექსანდრ ბარიმოვთან და იური ბელიკოვთან ერთად დაიქირავა კერძო დაცვის კომპანიები Русь-ი და Витязь-ი, რათა დარჩენილი აქტივები მიეთვისებინა. რატომ? იქ ნავთობის რეზერვუარი 800 მილიონ რუბლად არის შეფასებული. ვის წარმოადგენს ხელმძღვანელი? თუ საჩივარი საგადასადოსგა იყო, სავარაუდოდ, ძალოვნებს". – თქვა ადგილობრივმა სამართალდამცველმა Сибирь.Реалии-სთან ანონიმურად.

Сибирь.Реалии ასევე ხაზს უსვამს, რომ 2023 წლის ივნისიდან კომპანიის გენერალური დირექტორია სერგეი საველიოვი. ამას გარდა, მედია აღნიშნავს, რომ დულისმას საბადოში ნავთობის მარაგი, სავარაუდოდ 42 მილიონი ტონაა.

საბოლოო ჯამში, ამ დრომდე უცნობია, ზუსტად ვინ დაიქირავა კერძო მცველები, რომლებმაც 10 სექტემბერს დულისმას ტერიტორია დაიკავეს და რომლებიც 20 სექტემბრისთვის საწარმოზე ალყას აგრძელებდნენ.

კომენტარები