აშშ-სომხეთი

ბაიდენი ფაშინიანს: აშშ გააგრძელებს სომხეთთან თანამშრომლობას უსაფრთხოების მიმართულებით

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წერილი მიწერა

სომხეთის პირველ პირს წერილი USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა გადასცა. წერილი სომხეთის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა.

"ძვირფასო ბატონო პრემიერმინისტრო

გილოცავთ თქვენ და სომეხ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს (21 სექტემბერი). წელს ამ ამაყი დღის აღნიშვნისას, პარალელურად დავტირით მთიან ყარაბაღში ეთნიკური სომხების დაღუპვას. მე ვთხოვე სამანტა პაუერს, ჩემი კაბინეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრს პირადად გადმოგცეთ აშშ-ს და ჩემი ადმინისტრაციის მხარდაჭერა სომხეთის მისწრაფებებში მიაღწიოს ღირსეულ და გრძელვადიან მშვიდობას რეგიონში, რომელიც დაიცავს თქვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიას.

სომხეთმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობით, მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების გატარებით,  მთავრობის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებით და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით აჩვენა თავისი ერთგულება ზემოთხსენებული მიზნებისადმი. გარწმუნებთ, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს სომხეთის მხარდაჭერას შიდა დემოკრატიისა და რეგიონალური სტაბილურობის განმტკიცებაში. 

აშშ მზად არის ითანამშრომლოს თქვენს მთავრობასთან ბოლოდროინდელი კონფლიქტის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ამ საკითხების შესახებ ქალბატონი პაუერი დეტალურად გაგესაუბრებათ. ჩვენ ასევე გავამყარებთ თანამშრომლობას ენერგეტიკული დივერსიფიკაციის, მდგრადობისა და უსაფრთხოების მიმართულებით. ამაზე ჩვენი ბოლოდროინდელი წვრთნებიც მეტყველებს.

სომხეთის მდიდარმა ისტორიამ, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის სწრაფვა მსოფლიოში არაერთ ქვეყანასა და ხალხს შთააგონა. ხოლო სომხური თემი აშშ-ში ჩემი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთ წყაროდ რჩება. მომავალ წელს ვიმედოვნებ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის ურთიერთობის გაღრმავებასა და გაძლიერებას". – წერია წერილში.

წერილში ნახსენები NATO-ს წვრთნები სომხეთში 11-20 სექტემბერს ჩატარდა

2023 წლის იანვარში პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ტერიტორიაზე ОДКБ-ს სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე უარი თქვა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ "მექმნება შთაბეჭდილება, რომ ОДКБ სომხეთს ტოვებს". ასევე იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში პრემიერმინისტრმა თქვა, რომ უშიშროების სფეროში რუსეთზე სომხეთის დამოკიდებულება შეცდომა იყო.

კომენტარები