სომხეთი

ერევანში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

Эхо Кавказа

დღეს, 22 სექტემბერს ერევანში საპროტესტო აქციაზე 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

აქციის მონაწილეები პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და მთიანი ყარაბაღისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ითხოვენ. ამასთან, პროტესტანტები მთავრობის შენობის შესასვლელის გადაკეტვას ცდილობდნენ, რათა დეპუტატები და თანამდებობის პირებს შესვლა ვერ მოეხერხებინათ. 

დაკავებულთა შორის არის სომხეთის მეორე პრეზიდენტის, ლევონ კოჩარიანის შვილი. მისი ადვოკატის თქმით, კოჩარიანს დაკავებისას პოლიციამ სცემა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ასევე დააკავეს აქციის ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატი, ანდრანიკ თევანიანი, თუმცა, იგი უკვე გაათავისუფლეს პოლიციის განყოფილებიდან.

ერევანში საპროტესტო აქციები მეოთხე დღეა გრძელდება. პროტესტი მას შემდეგ დაიწყეო, რაც სომხეთის მთავრობა მთიან ყარაბაღში ზავს დათანხმდა, რომლის პირობებით არაღიარებულ რესპუბლიკას ჩამოერთვა ავტონომია და აზერბაიჯანის სრული კონტროლის ქვეშ მოექცა.

საპროტესტო აქციას შეუერთდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები და მასწავლებლები, მათ შორის ერევნის სამედიცინო უნივერსიტეტიდან, სომხურ-რუსული უნივერსიტეტიდან, სომხეთში არსებული ფრანგული უნივერსიტეტიდან, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერევნის ფილიალიდან, ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტიდან და ა.შ.

20 სექტემბერს სეპარატისტული სტეფანაკერტი დათანხმდა აზერბაიჯანის მოთხოვნებს და ცეცხლი შეწყდა. შეთანხმების მიხედვით, სომხური ფორმირებები დაყრიდნენ იარაღს, დატოვებდნენ საბრძოლო პოზიციებს, მძიმე ტექნიკას გადასცემდნენ აზერბაიჯანს, ასევე გაიმართება შეხვედრები, რომლებზეც რეინტეგრაციის საკითხსა და ყარაბაღელი სომხების უფლებებს განიხილავენ.

21 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულმა მთავრობამ აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დასდო ბრალი, თუმცა ამას ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის მთავრობა არ აღიარებს.

რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხედრო მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 19 სექტემბერს დაიწყო. პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამბობდა, რომ მოქმედებებს იქამდე არ შეწყვეტდა, სანამ სეპარატისტები იარაღს არ დაყრიდნენ.

კომენტარები