მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

თუ მდგომარეობა არ გამოსწორდება, ყარაბაღიდან ხალხის შემოდინებისთვის მზად ვართ – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმენისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მთიანი ყარაბაღიდან ეთნიკური სომხების სომხეთში გადაყვანა შესაძელებელია იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ მათი იქ დარჩენა შეუძლებელია, ანუ გაგრძელდება არსებული მდგომარეობა. ამის შესახებ ფაშინიანმა მთავრობის შეხვედრაზე ისაუბრა.

ფაშინიანის თქმით, თუ მთიან ყარაბაღში არსებული მდგომაროება არ გამოსწორდება, ეთნიკური სომხების სომხეთის ტერიტორიაზე გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში დადგება.

"სომხეთში ხალხის შესაძლო შემოდინების შემთხვევაში, მომზადებულია 40 000-ზე მეტი ადგილი. საუბარია საცხოვრებელ ადგილებზე, ასევე ჯანდაცვასა და კვებაზე. ეს არის შეთანხმებული პოზიცია მთიანი ყარაბაღის პარტნიორებთან. ჩვენი პირველი გეგმაა – არ გავიყვანოთ სომხები მთიანი ყარაბაღიდან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე". - თქვა ფაშინიანმა.

გუშინ, სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ევაკუაცია მესამე გეგმა უნდა იყოს და არა პირველი ან მეორე, რათა არ აღმოჩნდეს, რომ სომხეთი ეთნიკურ წმენდას საკუთარი ხელით ახორციელებს და ამით აზერბაიჯანს პასუხისმგებლობას ართმევს.

კომენტარები