პირდაპირი ფრენები რუსეთიდან

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ROSSIYA AIRLINES-ს საქართველოში ოპერირებაზე ორჯერ ეთქვა უარი

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტი

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რუსული ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ის მიერ საქართველოში ოპერირების დაწყების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

დღეს, 21 სექტემბერს მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ROSSIYA AIRLINES-ი თბილისში ყოველდღიურ ფრენებს მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან დაიწყებს. ამასთან ცნობილია, რომ ავიაკომპანია კვირაში სამჯერ ფრენების ბათუმის მიმართულებით განხორციელებასაც გეგმავდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ს საქართველოში ოპერირებაზე ორჯერ ეთქვა უარი.

"მიმდინარე წლის 16 მაისს, სააგენტომ არ დააკმაყოფილა ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-ის განაცხადი მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეგულარული რეისის განხორციელების თაობაზე. ავიაკომპანია ROSSIYA AIRLINES-მა 14 სექტემბერს კვლავ მომართა სააგენტოს, ამჯერად მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის, მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგი-თბილისი-სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულების მოთხოვნით, რაზეც რუსულ ავიაკომპანიას იმავე დღესვე განეცხადა უარი უწყების მიერ". - წერს სააგენტო.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერირებაზე  უარი ROSSIYA AIRLINES-ს ევროკავშირის შავ სიაში ყოფნის გამო უთხრეს. სააგენტოს თქმით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ სრულდება, რომლებიც ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფებიან.


ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კვირაში შვიდჯერ ფრენის უფლება მისცა რუსულ ავიაკომპანია Азимут-ს, რომელმაც საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული რეისების შესრულება 17 მაისიდან დაიწყო. 

მაისში საქართველოს მხრიდან ფრენების უფლება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მაც მიიღო, რეისების: მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის მიმართულებით. კომპანიამ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების ბილეთების გაყიდვა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

კომენტარები