მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

რუსეთის თავდაცვა: რუსი მშვიდობისმყოფელები ყარაბაღის მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებიან

რუსი მშვიდობისმყოფელი ყარაბაღში, 2020 წლის ნოემბერი
DW

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. უწყების თქმით ადგილზე არიან რუსი მშვიდობისმყოფელები, რომლებიც ყარაბაღის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციაში ეხმარებიან.

"2023 წლის 19 სექტემბრის, 12:00 საათიდან რუსეთის მშვიდობისმყოფელი კონტინგენტის მიერ აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. დღის განმავლობაში რუსეთის სამშვიდობო ჯარი კონფლიქტის ზონიდან 469 ადამიანს დაეხმარა ევაკუაციაში.

გარდა ამისა სამხედრო მედიკოსებმა დახმარება გაუწიეს 9 დაჭრილ ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვს.

რუსული მშვიდობისმყოფელი კორპუსის სარდლობა ორივე ქვეყანას ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდებს". – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


19 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყო.

აქამდე ბაქო სეპარატისტული არცახის შეიარაღებულ ფორმირებებს ადანაშაულებდა გზების დანაღმვაში, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებოდნენ, ფორმირებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიპარნენ და ახმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე განათავსეს ნაღმი, რომლის აფეთქების შედეგად 19 სექტემბერს, 03:45-ზე ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამას გარდა, ბაქომ გაავრცელა ცნობა, რომ ასევე ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი პოლიციელი, რომლებიც "ტერორიზმის ადგილისკენ" მიდიოდნენ.

სეპარატისტები ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებდნენ.

ამას გარდა, ბაქო და სეპარატისტული სტეფანაკერტი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დრომდე სიმშვიდეა.

აზერბაიჯანმა სომხეთთან საჰაერო სივრცე დახურა.

არსებული ცნობებით, საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენება არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები.

აზერბაიჯანის განცხადებით "ანტიტერორისტულ ოპერაციას" მხარს უჭერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.

"ანტიტერორისტული ოპერაციის" დაწყებიდან რამდენიმე საათში ყარაბაღის ე.წ. მთავრობამ ბაქოს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ადმინისტრაციამ სეპარატისტებს დანებებისკენ, იარაღის ჩაბარებისკენ და მოლაპარაკების დაწყებისკენ მოუწოდა.

კომენტარები