მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ალიევის ადმინისტრაცია: მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, სეპარატისტებმა იარაღი უნდა დაყარონ

ილჰამ ალიევი
trend.az

ილჰამ ალიევის ადმინისტრაციამ ოფიციალურ საიტზე ყარაბაღში მიმდინარე საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილი გამოთქვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტზე ოფიციალური მიმართვა გამოქვეყნდა.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის შეხვდეს სომეხ მოსახლეობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ყარაბაღის რეგიონში ცხოვრობს. თუმცა ანტიტერორისტულ ღონისძიებას შევაჩერებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკანონო სომხური შეიარაღებული შენაერთები გაშლიან თეთრ დროშებს და ჩაგვაბარებენ იარაღს". – წერია საიტზე.

19 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყო.

აქამდე ბაქო სეპარატისტული არცახის შეიარაღებულ ფორმირებებს ადანაშაულებდა გზების დანაღმვაში, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებოდნენ, ფორმირებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიპარნენ და ახმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე განათავსეს ნაღმი, რომლის აფეთქების შედეგად 19 სექტემბერს, 03:45-ზე ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამას გარდა, ბაქომ გაავრცელა ცნობა, რომ ასევე ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი პოლიციელი, რომლებიც "ტერორიზმის ადგილისკენ" მიდიოდნენ.

სეპარატისტები ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებდნენ.

ამას გარდა, ბაქო და სეპარატისტული სტეფანაკერტი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დრომდე სიმშვიდეა.

აზერბაიჯანმა სომხეთთან საჰაერო სივრცე დახურა.

არსებული ცნობებით, საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენება არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები.

აზერბაიჯანის განცხადებით "ანტიტერორისტულ ოპერაციას" მხარს უჭერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.

"ანტიტერორისტული ოპერაციის" დაწყებიდან რამდენიმე საათში ყარაბაღის ე.წ. მთავრობამ ბაქოს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა.

კომენტარები