მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

ყარაბაღის "მთავრობა" აზერბაიჯანს: შეწყვიტეთ ცეცხლი, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. ინფორმაციას გამოცემა Интерфакс ავრცელებს.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე "ანტიტერორისტული ოპერაცია" წამოიწყო. 

"სამმხრივი განცხადების დებულებების უზრუნველყოფის მიზნით, ყარაბაღის ეკონომიკურ რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად, ჩვენი ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების განიარაღებისა და გაყვანისთვის, გათავისუფლებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის, სამშენებლო-აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო მოსამსახურეებისა და სამხედრო მოსამსახურეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად, რეგიონში დაწყებულია ანტიტერორისტული ღონისძიება". – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქმედებების ფარგლებში, შეხების ხაზსა და სეპარატისტული ტერიტორიის სიღრმეში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ იყენებენ მაღალი სიზუსტის შეიარაღებას. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, სამოქალაქო ობიექტები მათი იერიშების სამიზნე არაა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ მოქმედებების შესახებ შეატყობინეს რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტსა და თურქულ-რუსული ერთობლივი მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობას.

აქამდე ბაქო სეპარატისტული არცახის შეიარაღებულ ფორმირებებს ადანაშაულებდა გზების დანაღმვაში, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებოდნენ, ფორმირებები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიპარნენ და ახმედბეილი-ფიზული-შუშას საავტომობილო გზის 58-ე კილომეტრზე განათავსეს ნაღმი, რომლის აფეთქების შედეგად 19 სექტემბერს, 03:45-ზე ორი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამას გარდა, ბაქომ გაავრცელა ცნობა, რომ ასევე ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი პოლიციელი, რომლებიც "ტერორიზმის ადგილისკენ" მიდიოდნენ.

სეპარატისტები ამ ცნობას დეზინფორმაციას უწოდებდნენ.

ამას გარდა, ბაქო და სეპარატისტული სტეფანაკერტი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დრომდე სიმშვიდეა.

აზერბაიჯანმა სომხეთთან საჰაერო სივრცე დახურა.

არსებული ცნობებით, საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენება არტილერია და უპილოტო საფრენი აპარატები.

აზერბაიჯანის განცხადებით "ანტიტერორისტულ ოპერაციას" მხარს უჭერს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.

კომენტარები