მუსლიმი მესხები

ერდოღანი ნიუ-იორკში მუსლიმ მესხებს შეხვდა

ფოტო რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მუსლიმი მესხების შეხვედრიდან, ნიუ-იორკი, 2023 წლის 18 სექტემბერი
Recep Tayyip Erdoğan

18 სექტემბერს ერდოღანი ნიუ-იორკში მუსლიმ მესხებს შეხვდა. თურქეთის პრეზიდენტი აშშ-ში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე დასასწრებად იმყოფება.

პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მუსლიმმა მესხებმა, რომლებიც ცხრა სხვადასხვა ქვეყანაში იძულებით გადაასახლეს, წლების განმავლობაში მძიმე პირობებში ცხოვრების მიუხედავად საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და მისი მომავალი თაობისთვის გადაცემა მაინც შეძლეს.

"სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, თურქ მესხებს გული ყოველთვის თურქეთთან ერთად უცემთ. ჩვენ, როგორც თურქეთი, ვამაყობთ წარმატების ისტორიებით, რომლებსაც ყველანაირი დაბრკოლებისთვის წინააღმდეგობის გაწევით წერთ... ყურადღებით ვაკვირდებით თურქ მესხთა მდგომარეობას. უკრაინაში ინციდენტების დაწყებისთანავე, დავუკავშირდით უკრაინელ მაღალჩინოსნებს და ჩვენი თურქი მესხი ძმები და დები, ვინც დაზარალდნენ კონფლიქტის შედეგად, ჩვენს ქვეყანაში ჩამოვიყვანეთ... ჩვენს ქვეყანაში შემოსულ თურქ მესხთა რიცხვმა 4 ათასს მიაღწია". - თქვა ერდოღანმა შეხვედრაზე.

მოგვიანებით Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ერდოღანმა აღნიშნა, რომ 820 მუსლიმ მესხს უკვე მიენიჭა თურქეთის მოქალაქეობა, მოქალაქეობის მომლოდინეთათვის კი პროცედურების დაჩქარების პირობა დადო.

მუსლიმი მესხები მესხეთიდან საბჭოთა კავშირის დროს, 1940-იან წლებში გადაასახლეს.

კომენტარები