ოთარ ფარცხალაძე

კარპენტერი ფარცხალაძეზე: ეს შეიძლება განსაკუთრებით ბოროტი გავლენა იყოს

Commersant.ge

ეუთოში აშშ-ს ელჩის, მაიკლ კარპენტერის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ФСБ-სთან თანამშრომლობის დადგენის შედეგად მისი დასანქცირება სასარგებლო შეხსენებაა, რომ ქვეყნები ფხიზლად უნდა იყვნენ შესაძლო უცხოური გავლენის მიმართ. ამის შესახებ კარპენტერმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა. 

ამერიკელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი შემთხვევაა და შესაძლოა განსაკუთრებით ბოროტ გავლენაზე იყოს საუბარი, რადგან საქმე ეხება საქართველოს მაღალ თანამდებობის პირს.

"მნიშვნელოვანი შემთხვევაა - აშშ ასანქცირებს კორუმპირებულ თანამდებობის პირებს, რომლებიც შესაძლოა იყვნენ მავნე უცხოური გავლენის აგენტები, ამ შემთხვევაში რუსეთის გავლენისა. თუმცა, აგრეთვე ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს კონკრეტული პირი, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, გენერალური პროკურორი იყო, თუ არ მეშლება, დაახლოებით ათი წლის წინ. ასე რომ, ეს ახლახან არ ყოფილა და ის სამთავრობო თანამდებობას იკავებდა გარკვეული ხნის წინ. და მაინც, ეს არის სასარგებლო შეხსენება იმისა, რომ ქვეყნები ფხიზლად უნდა იყვნენ შესაძლო უცხოური გავლენის მიმართ. ვფიქრობ, როცა საქმე ეხება საქართველოს, ეს საკითხი კვლავინდებურად რჩება პრობლემად, რომელიც უნდა აღელვებდეს საქართველოს ყველა მოქალაქეს, მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქესაც, ვინც უცხოეთის მავნე გავლენას განიცდის. ეს შეიძლება განსაკუთრებით ბოროტი გავლენა იყოს, როცა პოლიტიკაში ამ დონეზე ჩარევას ეხება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის ხომ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელია". – ამბობს კარპენტერი. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, "ქართველ-რუს ოლიგარქს", ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა

ფარცხალაძისთვის დაწესებული სანქციები გულისხმობს შემდეგ შეზღუდვებს:

  • ყველა სახის საკუთრება და საკუთრების წილი, რომელიც სანქცირებულ პირს შეერთებულ შტატებში აქვს, ან თუ მისი ეს ქონება ეკუთვნის ან აკონტროლებს აშშ-ს მოქალაქე, იქნება დაბლოკილი და შეუძლებელი იქნება მისი გადაცემა, გადახდა, ექსპორტი, გამოტანა და ნებისმიერი სახის ფინანსური ტრანზაქცია.
  • შეზღუდვები სანქცირებული პირის მიმართ, ან მის სასარგებლოდ, კრძალავს აშშ-დან ნებისმიერი სახის კონტრიბუციისა თუ თანხების, საქონლის გაღებასა და მომსახურების გაწევას. ასევე, იკრძალება ამავე პირისგან ნებისმიერი სახის კონტრიბუციისა თუ ფინანსების, საქონლისა და სამსახურის მიღება.
  • ქონებასა და ფინანსების მიმოქცევაზე დაწესებული შეზღუდვების გარდა, სანქციები გულისხმობს აშშ-ს ტერიტორიაზე ჩასვლის აკრძალვასაც, რადგან დასანქცირებული პირები მოიაზრებიან აშშ-ს ინტერესების დამაზიანებელ პირებად. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ან საშინაო უსაფრთხოების მდივანი დაადგენს, რომ მსგავსი ადამიანის ქვეყანაში შესვლა აშშ-ს ინტერესებთან წინააღმდეგობაში არ იქნება.
  • სანქციების ფარგლებში იკრძალება დაწესებული შეზღუდვების დარღვევა და მათთვის გვერდის ავლა.

 

კომენტარები