აშშ-ს სამხედრო წარმომადგენლობა მოქალაქეებს F-35-ის ძებნაში დახმარებას სთხოვს.
ავიაგამანადგურებელი სამხრეთ კაროლინაში მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც პილოტი თვითმფრინავიდან კატაპულტირების მეშვეობით ამოხტა და პარაშუტით უსაფრთხოდ დაეშვა მიწაზე. მფრინავი ახლა საავადმყოფოშია და სტაბილურ მდგომარეობაშია.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა დაემართა გამანადგურებელს, თუმცა მაღალჩინოსნების თქმით, მოხდა გარკვეული "უბედური შემთხვევა".
F-35B Lightning II-ს სამხედროები ქალაქ ჩარლსტონთან ახლოს მდებარე ორი ტბის მიდამოებში ეძებენ. თვითმფრინავის ტრაექტორიის საფუძველზე, მას მოლტრისა და მარიონის ტბების ტერიტორიაზე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან ფედერაციული ავიაციის მარეგულირებელი სააგენტოს წარმომადგენლები.
ჩარლსტონის სამხედრო ბაზა X-ზე, ყოფილ Twitter-ზე მოქალაქეებს სამძებრო სამუშაოებში დახმარებას სთხოვს.
"სწრაფი რეაგირების ჯგუფები კვლავ ცდილობენ F-35-ის პოვნას. მცდელობის პარალელურად, საზოგადოებას ვთხოვთ სამხედროებთან და სამოქალაქო ხელისუფლებასთან კოოპერაციას". – ამბობენ ჩარლსტონის ავიაბაზაში.
მეორე F-35, რომელიც დაკარგულ თვითმფრინავთან ერთად დაფრინავდა, ბაზაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.
F-35 ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ძვირადღირებული ავიაგამანადგურებელია.
განახლება: 18 სექტემბერს თვითმფრინავის ნარჩენები აღმოაჩინეს, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.