ილონ მასკი

ერდოღანი ილონ მასკს Tesla-ს საწარმოო ქსელის თურქეთში აშენებას სთხოვს

AFP via Getty Images

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Tesla-ს მფლობელს და დირექტორს, ილონ მასკს სთხოვა, რომ Tesla-ს საწარმოო ქსელი თურქეთში ააშენოს. ინფორმაცია ერდოღანსა და მასკს შორის მოლაპარაკებების შესახებ თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატმა გაავრცელა. ერდოღანის თქმით, თურქეთი ილონ მასკთან ასევე დაიწყებს თანამშრომლობას Starlink-ის და ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით. 

ამ მოლაპარაკებებამდე მასკმა თქვა, რომ რამდენიმე თურქი მიმწოდებელი უკვე აქტიურად თანამშრომლობს Tesla-სთან და თურქეთი ერთ-ერთი საინტერესო კანდიდატი ქვეყანაა Tesla-ს საწარმოო ქსელის ასაშენებლად. 

თურქეთის მხარის ბოლო განცხადებების შემდეგ Tesla-ს წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

თურქეთის სახელმწიფო მედიის, Anadolu-ს ცნობით, ერდოღანი და ილონ მასკი ერთმანეთს ნიუ-იორკში გაეროს ოფისთან ახლოს მდებარე "თურქულ სახლში" შეხვდნენ. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიუ-იორკში გაეროს 78-ე გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩავიდა. 

კომენტარები