სასამართლო რეფორმა ისრაელში

"წადი და აღარ დაბრუნდე" – ისრაელში საპროტესტო აქციები უკვე 37-ე კვირაა მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია თელ-ავივში, ისრაელი, 18 ივლისი, 2023.
Julia Frankel, Associated Press

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 37-ე კვირაა მიმდინარეობს. 

დემონსტრანტებს შორის არიან სხვადასხვა სექტორში დასაქმებული ადამიანები, მათ შორის, აკადემიკოსები, ბიზნესმენები, იურისტები, სამხედრო და უსაფრთხოების ექსპერტები და მაღალტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები.

გუშინ, 17 სექტემბრის საღამოს ისრაელის ათასობით მოქალაქემ მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამოსვლა დაიწყო. ყოველკვირეული საპროტესტო აქციები ჩვეულებრივ შაბათობით იმართება, თუმცა გასულ კვირას ჰაშანას დღესასწაულის გამო იგი კვირისთვის გადადეს. 

თელ ავივში გამართულ მთავარ აქციასთან ერთად, მცირე საპროტესტო აქციები გაიმართა სხვა ლოკაციებზეც, მათ შორის იერუსალიმში, ჰაიფაში, რეჰოვოტში, ეილატსა, კარკურში.

კვირას გამართულ აქციაზე დემონსტრანტებს თან ჰქონდათ ისრაელის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასლები.

"მოვალეობაა, წინ აღუდგე მათ, ვინც აბუჩად იგდებს დამოუკიდებლობის დეკლარაციას და ისრაელს დიქტატურად აქცევს". - ნათქვამია ისრაელის საპროტესტო ჯგუფის Kaplan Force-ის განცხადებაში.

კვირას გამართულ საპროტესტო აქციებში დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე აპელირება აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ადვოკატმა, ილან ბომბაჩმა, რომელიც პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში წარმოადგენს, დამოუკიდებლობის დეკლარაციას "ნაჩქარევი" დოკუმენტი უწოდა. მისი თქმით, დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია ხალხის მიერ არჩეულ ადამიანებს.

"რადგან 37 ადამიანს ჰქონდა უფლებამოსილება, ნაჩქარევად ხელი მოეწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომელიც ჯერ კიდევ ბოლო მომენტამდე მუშავდებოდა, ამან უნდა დაავალდებულოს სხვა ადამიანებიც?" - თქვა ბომბაჩმა.

როგორც ისრაელის მედია წერს, ნეთანიაჰუ აშშ-ში 6-დღიანი ვიზიტით გაემგზავრა, სადაც ჯო ბაიდენს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, იუნ სუკ იოლს, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ამასთან, ნეთანიაჰუს აშშ-ში გამგზავრებისას აქციის მონაწილეები აეროპორტში შეიკრიბნენ, სადაც გამართეს აქცია ლოზუნგით "წადი და აღარ დაბრუნდე".


ისრაელის მთავრობა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს ლიკუდითა და ულტრამემარჯვენე პარტიებისგანაა დაკომპლექტებული, შესაძლო რეფორმით უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას გეგმავს. ცვლილების შემთხვევაში, სასამართლოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებზე ნაკლები ბერკეტი ექნება. მთავრობის გეგმა, კანონად ქცევის შემთხვევაში, მათ საშუალებას მისცემს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მინიმალური უმრავლესობით დაძლიონ და მოსამართლეებიც თავად დანიშნონ.

გეგმის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგაც კორუფციასთან დაკავშირებული საქმეა აღძრული, სასამართლო სისტემის ხელში ჩაგდება სურს და ეს საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო თავისუფლებებს, დააზიანებს ეკონომიკასა და დასავლელ მოკავშირეებთან ურთიერთობას.

კომენტარები