რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ტოკმაკზე უკრაინის იერიშისთვის ემზადება – ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინის 47-ე ბრიგადის სამხედროები ზაპოროჟიეს ოლქში, 2023 წლის ივლისი.
David Guttenfelder for The New York Times

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის ჯარი ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკის გარშემო თავდაცვას ამაგრებს. 

ანგარიშში წერია, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმია აკონტროლებს, რუსეთი ახალ სანგრებს თხრის და საგუშაგოებსა და ტანკსაწინააღმდეგო ზღუდეებს განალაგებს. 

დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ფრონტის ხაზიდან 16 კილომეტრში, სამხრეთით მდებარე ტოკმაკს თავდაცვის მეორე ხაზად აქცევს. დაზვერვის ვარაუდით, ეს უკრაინის მიერ ჩრდილოეთით რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზის გარღვევით უნდა იყოს გამოწვეული. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაანგრია.

ანგარიშში წერია, რომ უკრაინელი სამხედრო ოფიცრები ღიად საუბრობენ უკრაინის ომში წინსვლის პერსპექტივაზე. მაღალჩინოსნებმა ასევე აღნიშნეს, რომ პროგრესს აფერხებს რუსული დანაღმული ველები.

"უკრაინულმა სამხედრო ნაწილებმა გაარღვიეს რუსული თავდაცვის პირველი ხაზი". – ამბობს უკრაინელი გენერალი ოლექსანდრ ტარნავსკი. 

"უკრაინელები თანდათან აღწევენ წარმატებებს... მათ შეძლეს რუსული ძალების თავდაცვითი ხაზების გარღვევა და წინ მიიწევენ... ისინი პროგრესს აღწევენ. ალბათ არა იმდენს, რამდენსაც ვიმედოვნებდით, მაგრამ თანდათან წინ მიიწევენ. დღეში რამდენიმე ასეული მეტრით".  - თქვა სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე ამ რაოდენობით ნაღმი ისტორიას თითქმის არ ახსოვს, რაც მნიშვნელოვნად ანელებს კონტრშეტევას და უკრაინელების მიღწევებს დამატებით ღირებულებას ანიჭებს.

კომენტარები