დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი

აშშ-ს პროკურორი ტრამპისათვის საჯარო კომენტარების შეზღუდვას ითხოვს

REUTERS/Jonathan Ernst

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის სპეციალურმა პროკურორმა, ჯეკ სმიტმა მოსამართლე ტანია ჩუტკანას მოსთხოვა, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საჯარო კომენტარების გაკეთება შეუზღუდოს. 

სმიტის თქმით, ეს "ვიწრო, მკაფიოდ განსაზღვრული შეზღუდვა" ხელს შეუშლის ყოფილი პრეზიდენტს, შეავიწროოს პოტენციური მოწმეები, გავლენა იქონიოს მოქალაქეებზე და შესაბამისად, სასამართლო პროცესზე.

ჯეკ სმიტი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ფედერალურ არჩევნებში ჩარევის საქმეს ხელმძღვანელობს. მან ყოფილ პრეზიდენტს 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნებულ საბრალდებო დასკვნაში ბრალი 4 მუხლით წარუდგინა, მათ შორის, შეთქმულება აშშ-ს მოტყუებისთვის და შეთქმულება ოფიციალური პროცესის დაბრკოლებისთვის. ტრამპს 2020 წელს ჯორჯიის ფულტონის ოლქში არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის სისხლის სამართლის ბრალდება მოგვიანებით წარედგინა.

15 სექტემბერს წარდგენილ განცხადებაში ფედერალურმა პროკურორებმა მოითხოვეს, რომ საოლქო მოსამართლის მიერ მკაცრი ბრძანება გამოიცეს, რომელიც შეუზღუდავს ტრამპს მიმდინარე საქმესთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული განცხადებების საჯაროდ გაკეთების შესაძლებლობას.

დამტკიცების შემთხვევაში, სასამართლო აუკრძალავს ტრამპს განცხადებების გაკეთებას "პერსპექტიული მოწმეების ვინაობასთან, ჩვენებასთან ან სანდოობასთან დაკავშირებით" და "ნებისმიერი მხარის, მოწმის, ადვოკატის, სასამართლოს პერსონალის ან პოტენციური ნაფიცი მსაჯულების შესახებ განცხადებების გაკეთებას, რომლებიც დამამცირებელი ხასიათისაა".

მეორე მხრივ, ტრამპს სასამართლოს საჯარო ჩანაწერებიდან და დოკუმენტებიდან ციტირებისა ან საკუთარი უდანაშაულობის გამოცხადების შესაძლებლობა არ შეეზღუდება.

სოციალური მედიის საშუალებით ტრამპმა, რომელიც 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, პრეზიდენტობის მიმდინარე კამპანიის ფარგლებში სხვა კანდიდატებთან დებატების მსგავსი შეზღუდვებით წარმართვის პრობლემებზე ისაუბრა.

ამასთან, ვაშინგტონში, ჯგუფის Concerned Women for America-სთვის გამართულ ვახშამზე გამოსვლისას თქვა, რომ პროკურორებს სურთ, მას თავისუფლად და ღიად საუბრის უფლება ჩამოართვან.

"ეს ადამიანები ავად არიან და მათ ჩემი გაჩუმება უნდათ". - თქვ ტრამპმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ჩუტკანა.

კომენტარები