დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი

ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ ტრამპზე დაკისრებული $500-მილიონიანი ჯარიმა გააუქმა

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ს ნიუ-იორკის შტატის სააპელაციო სასამართლომ 21 აგვისტოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 500-მილიონიანი ჯარიმა გაუუქმა, რომელიც მას თაღლითობის საქმეზე ჰქონდა დაკისრებული, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე სამართალწარმოება არ შეწყვეტილა. 

სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მარცხია ნიუ იორკის მთავარი პროკურორის, ლეტიცია ჯეიმზისთვის, რომელსაც ტრამპი სამოქალაქო სარჩელის პოლიტიკური მიზნით გამოყენებაში ადანაშაულებს.

16 თებერვალს მოსამართლე ართურ ენგორონმა აღნიშნულ საქმეზე ტრამპს $355 მილიონის გადახდა დაავალა, რაც პროცენტის დარიცხვის შემდეგ $454 მილიონამდე გაიზარდა. ენგორონის გადაწყვეტილებით, ტრამპმა თაღლითურად გააზვიადა მისი ქონება და საკუთრებების ღირებულება ოჯახური ბიზნესის გასაძლიერებლად. 

ტრამპი დანაშაულს უარყოფდა, ხოლო მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ბიზნესპარტნიორებისა და გამსესხებლებისთვის მიცემულ ანგარიშგებებში ნებისმიერი შეცდომა უმნიშვნელო იყო, ვინაიდან შედეგად არავინ დაშავებულა. 

5-წევრიანი სააპელაციო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ თაღლითობაზე განაჩენი დატოვა, თუმცა ყველა მათგანმა ჩათვალა, რომ მოსამართლის მხრიდან საქმის წარმოებაში პრობლემები იყო, აქედან ორი მოსამართლე ემხრობოდა პროცესის ხელახლა გამართვას. ერთი მოსამართლე საქმის სრულად შეწყვეტას ემხრობოდა, თუმცა ხუთივე მოსამართლემ მხარი დაუჭირა ჯარიმის გაუქმების გადაწყვეტილებას. 

სოციალურ ქსელზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა სასამართლოს გადაწყვეტილებას "სრული გამარჯვება" უწოდა. 

ტრამპის წინააღმდეგ თაღლითობის საქმეზე საქალაქო სარჩელი ნიუ იორკის მთავარმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმზმა 2022 წლის შემოდგომაზე შეიტანა. მან 45-ე პრეზიდენტს საკუთრებების ღირებულებაზე მცდარი ინფორმაციის მიწოდებაში დასდო ბრალი, რითაც ტრამპმა საგადასახადო ხარჯის შემცირება ან სესხების პირობების გაუმჯობესება მოახერხა.

კომენტარები