დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი

ნიუ-იორკის მოსამართლემ ტრამპს საქმის შეწყვეტისთვის შუამდგომლობის წარდგენის ნება დართო

აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Evan Vucci/AP

ნიუ-იორკის შტატის მოსამართლემ გაჩუმების მცდელობისთვის ფულის გადახდის საქმეში აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ნება დართო, მის წინააღმდეგ საქმის შეჩერების მოთხოვნით შუამდგომლობა წარადგინოს.

ტრამპისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენების თარიღად 26 ნოემბერი იყო ჩანიშნული, თუმცა მანჰეტენის ოლქის პროკურორის, ელვინ ბრაგის, უწყების პროკურორებმა ნიუ-იორკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ხუან მერჩანს საქმის 2029 წლამდე გადადება სთხოვეს, როდესაც ტრამპი მეორე საპრეზიდენტო ვადას დაასრულებს.

22 ნოემბერს ხუან მერჩანმა ტრამპს შუამდგომლობის წარდგენისთვის ვადა 2 დეკემბრამდე მისცა, ხოლო ბრალდების მხარეს საპასუხოდ - 9 დეკემბრამდე.

ტრამპის ადვოკატების თქმით, საქმე უნდა შეწყდეს, რადგან პრეზიდენტობის პერიოდში მისი გაგრძელება ტრამპს ქვეყნის მართვის მხრივ "არაკონსტიტუციურ დაბრკოლებებს" შეუქმნიდა.

თავის მხრივ, ბრაგის უწყებაში განაცხადეს, რომ საქმის შეწყვეტას შეეწინააღმდეგებიან, თუმცა დათანხმდნენ, რომ დაცვის მხარე წერილობითი შუამდგომლობის წარდგენისთვის გარკვეულ ვადას იმსახურებს.

მანამდე, მოსამართლე მერჩანმა 19 ნოემბრამდე გადადო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება იმაზე, უნდა გაუუქმდეს თუ არა ტრამპს საბრალდებო განაჩენი ივლისში აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტს სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი აქვს იმ საქმეებში, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან ჩადენილ ოფიციალურ ქმედებებს ეხება.

მანჰეტენის ოლქის პროკურორის ელვინ ბრაგის უწყებაში განაცხადეს, რომ სასამართლო პროცესის შეჩერების თაობაზე დაცვის მხარის მოთხოვნას ეთანხმებოდნენ, რათა გაირკვეს, როგორ მიუდგნენ აღნიშნულ საქმეს აშშ-ს არჩევნებში ტრამპის გამარჯვებისა და მისი მომავალი ინაუგურაციის ფონზე.

მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ელვინ ბრაგმა გაჩუმების მცდელობისთვის ფულის გადახდის საქმეში ტრამპს პირველი ბრალდებები 2023 წლის მარტში წაუყენა. ბრალდების მხარის ვარაუდით, ყოფილმა პრეზიდენტმა საქმიანი ოპერაციების ჩანაწერები გააყალბა, რათა იმ ქალების სიჩუმე მოესყიდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ მასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ დამყარებული. ტრამპმა ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, "არჩევნებში მისთვის ტკივილის მიყენება" იყო.

კომენტარები