შსს

შსს: ტრეფიკინგის ბრალდებით 4 ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული მ.მ.; 1993 წელს დაბადებული ს.ა.; 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ. ტრეფიკინგის ბრალდებით არიან დაკავებულები. დაკავებულებს შორის არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 1983 წელს დაბადებულმა მ.მ.-მ და 1993 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. გეგმის შესრულებისას დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულს კი ისაკუთრებდნენ.

"იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში მათ 1961 წელს დაბადებული ბ.ც. და 1978 წელს დაბადებული პ.წ. ეხმარებოდნენ, რომლებიც დაზარალებულების "სამუშაო" ლოკაციებზე გაყვანასა და შემდგომ უკან მოძალადეებთან დაბრუნებას უზრუნველყოფდნენ. ასევე, დღის განმავლობაში მათ გაკონტროლებას და ზედამხედველობას". - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები