ოთარ ფარცხალაძე

სუს-ი ფარცხალაძეზე: საკითხის შესწავლა მიმდინარეობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, უწყებაში აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

"საზოგადოების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს". - წერია სუს-ის განცხადებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.  

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძის გარდა, სანქციები დაუწესდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, ალექსანდრ ონიშჩენკოს. 

ამავე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ონიშჩენკო "თავის თანამოაზრე  ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში" დაეხმარა. 

"ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით". – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. 

აშშ-ს უწყება აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია და იგი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობდა. 

კომენტარები