პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს 10 წელია სახელმწიფო სტრუქტურებთან კავშირი არ ჰქონია და იგი კერძო პირია.
"ერთი რამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ოთარ ფარცხალაძეს სახელმწიფო სტრუქტურებთან ბოლო ათი წელია არანაირი კავშირი არ აქვს და ის კერძო პირია. ამავე დროს, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც მოხვდა ამ ტიპის სანქციებში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის დასანქცირებასთან. რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ინფორმაცია იმისთვის, რომ გავერკვეთ რაზე არის საუბარი". - თქვა პაპუაშვილმა იმედის ეთერში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფარცხალაძის გარდა, სანქციები დაუწესდა რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, ალექსანდრ ონიშჩენკოს.
ამავე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ონიშჩენკო
"თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მოპოვებაში" დაეხმარა.
"ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა FSB-თან კავშირით". – აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ს უწყება აღნიშნავს, რომ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია და იგი რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობდა.