რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა ჯანდაბას ველოდებით? რატომ არ ვაძლევთ უკრაინას იმას, რაც სჭირდება? – ჯონსონის სტატია

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი
Will Oliver/EPA-EFE/REX/Shutterstock

The Spectator-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი, ბორის ჯონსონი უკრაინისთვის მეტი შეიარაღების სწრაფად მიწოდების აუცილებლობაზე წერს.

ის უკრაინელ სამხედროებთან საავადმყოფოებსა და სარეაბილიტაციო ცენტრებში შეხვედრის ისტორიებს იხსენებს და ამბობს, რომ ომის დაწყებიდან 19 თვის შემდეგაც, მაშინ, როცა 20 000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სახის ამპუტაციის ჩატარება დასჭირდა და მათი რიცხვი დღითიდღე იმატებს, უკრაინელები დანებებაზე არ ფიქრობენ.

"ერთი წამითაც არ დაიჯეროთ, რომ უკრაინელი სამხედროები - ან უკრაინის ფართო საზოგადოება - შეიძლება რამენაირად დაარწმუნო, რომ იარაღი დადონ ან პუტინთან შეთანხმება გააფორმონ. ისინი ჩვენი დავალებით არ იბრძვიან და არ გაჩერდებიან, თუ ასე ვეტყვით. ისინი დამოუკიდებლობის ომს იბრძვიან, რადგან ტერორის წინაშე თავის დახრაზე უარს ამბობენ და რადგან უნდათ, რომ მათი ქვეყანა თავისუფალი იყოს.

ისინი მოლაპარაკებების იდეას სასაცილოდ მიიჩნევენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მათი აზრი გამეგო - უკრაინელების განზრახვის ოდნავი შესუსტებაც ვერ აღმოვაჩინე. ისინი ვერ ხედავენ როგორ შეიძლება მიწა გაცვალონ მშვიდობაში, რადგან ისინი ვერ ხედავენ, როგორ შეიძლება პუტინის ერთი სიტყვის დაჯერებაც კი. ევგენი პრიგოჟინი ფიქრობდა, რომ პუტინთან გარიგება დადო - და ამან მისთვის არ იმუშავა". - წერს ჯონსონი.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ მიუხედავად მიმდინარე კონტრშეტევის ნელი ტემპისა, წინსვლა მაინც თვალშისაცემია. უკრაინული ძალები ახლა მელიტოპოლიდან 20-30 კილომეტრში იმყოფებიან და ქალაქის დაბრუნების შემთხვევაში კიევს რუსეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულს შორის გადებული სახმელეთო ხიდის არტილერიით გაკონტროლება შეეძლება.

ჯონსონის აზრით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დასავლეთში სახელმწიფოებს ერთადერთი მისია აკისრიათ - უკრაინას მიაწოდონ შესაბამისი შეიარაღება და რაც შეიძლება სწრაფად.

"რაც გვჭირდება არის სტრატეგიული მოთმინება და ჩვენი სამხედრო დახმარების პროგრამის აუცილებლობის გაცილებით უკეთ გააზრება. უკრაინაში ბრძოლის ველზე საჭიროებები იცვლება და ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ. დაახლოებით ერთი წლის წინ ჩვენ უკრაინელებისთვის ტანკებისა და ჯავშანმანქანების მიცემაზე ვღელავდით იმ აბსურდული მიზეზით, რომ მსგავსი მხარდაჭერა შესაძლოა რუსეთისთვის "პროვოკაციული" ყოფილიყო. ახლა დრონები იმდენად მომაკვდინებელი გახდა, რომ ორივე მხარე, როგორც ამბობენ, ჯავშანტრანსპორტიორებს აჩერებენ და ფეხით დადიან". - აღნიშნავს ჯონსონი.

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი უკრაინისთვის ATACMS-ის სარაკეტო სისტემების მიწოდების აუცილებლობაზეც წერს.

"პრეზიდენტმა ზელენსკიმ მითხრა, რომ 200 ერთეული ATACMS-ის მსგავსი თანამედროვე ბალისტიკური სისტემა სჭირდება და შეერთებულ შტატებს ათასობით აქვს მარაგში. რატომ ყოვნდება მათი გადაცემა? სხვა რა მიზანს შეიძლება მოემსახურონ ისინი რაც დასავლეთის, მათ შორის, შეერთებული შტატების გრძელვადიან უსაფრთხოებას უკეთ უზრუნველყოფდა?" - ამბობს ჯონსონი და აღნიშნავს, რომ უკრაინას ბრიტანეთისგან მეტი Storm Shadow-ს ტიპის სარაკეტო სისტემის მიწოდებაც სჭირდება.

როგორც ბრიტანელი პოლიტიკოსი წერს, პუტინის გამარჯვების შემთხვევაში - და გამარჯვებად, ჯონსონის აზრით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ დაკავებული ტერიტორიების ნაწილის შენარჩუნებაც ჩაითვლება - მსოფლიოს მასშტაბით გაიგზავნება საზარელი შეტყობინება, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა დადეს პირობა, წინ აღსდგომოდნენ ავტოკრატიას, მაგრამ ჩაფლავდნენ, მაშინაც კი, როდესაც უკრაინის გარდა არცერთი ევროპული ქვეყნის ჯარისკაცს და არცერთ ამერიკელ სამხედროს ფრონტზე ბრძოლა არ უწევს.

"თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, თუ იმის ნაწილს მაინც შეინარჩუნებს, რაც დაიპყრო, მაშინ გაკვეთილი ნათელი იქნება: რომ აგრესიას შედეგი აქვს, რომ ევროპული საზღვრები შეიძლება კიდევ ერთხელ შეიცვალოს ძალადობით. ეს შინაარსი ექნება ამას საქართველოში, ბალტიის ქვეყნებში, ყველგან ყოფილ საბჭოთა კავშირში თუ ყოფილ საბჭოთა გავლენის სფეროში, სადაც პუტინი რევანშისტულ და შინაური მღელვარების გამომწვევ სამხედრო ოპერაციებს ფანტაზირებს". - წერს გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერი.

სტატიაში ჯონსონი გამოეხმაურა 9-10 სექტემბერს ინდოეთში გამართული G20-ის სამიტის მიერ კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ კომუნიკესაც, რომელშიც რუსეთი უკრაინაში წარმოებული ომისთვის დაგმობილი არ არის. პოლიტიკოსის აზრით, მსგავსი "საშინელი კაზმულობა, ფსონების დაზღვევა და პუტინთან მიტმასნა" დღის წესრიგიდან უკრაინის გამარჯვებასთან ერთად გაქრება, რადგან "არის ერთი რამ, რაც მსოფლიოს უკეთ ესმის ვიდრე ათასი ქადაგება დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე - და ეს არის სამხედრო გამარჯვება".

აქედან გამომდინარე, ჯონსონი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების ტემპები დაუყოვნებლივ უნდა გაიზარდოს და სვამს კითხვას: "რა ჯანდაბას ველოდებით?"

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინის დედაქალაქ კიევში 8 სექტემბერს ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ჯონსონი: პრიგოჟინის მკვლელობა მტკიცებულებაა, რომ პუტინთან მშვიდობაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს

კომენტარები