ბავშვთა განვითარების ცენტრი

იოსელიანი ცენტრზე: უზრუნველყავით ბენეფიციარების ინფორმირება ალტერნატივის თაობაზე

ლევან იოსელიანი
დოლორეს ბილბაო/ტაბულა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სახელმწიფოს მოუწოდებს, მიმართოს განსაკუთრებული ძალისხმევა ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტის საკითხის მოგვარებისკენ. 

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ხელისუფლებამ, სერვისის მიმწოდებელმა და პასუხიმგებელმა პირებმა უნდა უზრუნველყონ ბენეფიციარებისა და მათი კანონიერი წარმომადგენლების დროული ინფორმირება ალტერნატივის თაობაზე. ამასთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატი წერს, რომ ლევან იოსელიანმა "უკვე დაიწყო ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მიერ მიწოდებული სერვისის შეწყვეტის საკითხის შესწავლა და მანდატის ფარგლებში განახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას".

"გამომდინარე იქიდან, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა კიდევ უფრო ართულებს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის მომსახურებაში ჩართული 100-ზე მეტი ბენეფიციარის სათანადო ალტერნატიული სივრცის შეთავაზების, მომსახურების უწყვეტად გაგრძელების პროცესს, სახელმწიფომ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მიმართოს ამ საკითხის გადაუდებლად მოგვარებისკენ.

სახალხო დამცველი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, სერვისის მიმწოდებლებს და ყველა პასუხისმგებელ პირს, მოუწოდებს, რომ უზრუნველყონ მომსახურებაში ჩართულ ბენეფიციართა, მათ კანონიერ წარმომადგენელთა და მომსახურების განმახორციელებელ თერაპევტთა დროული და სრულყოფილი ინფორმირება, როგორც მომსახურების შეწყვეტის მიზეზების, ისე, შესაბამისი ალტერნატივების თაობაზე. ამასთან, უზრუნველყონ პროცესის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების კანონიერ წარმომადგენელთა არსებითი მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებითა და შესაბამისი კონსულტირების საფუძველზე, აბილიტაციის/რეაბილიტაციის სერვისის უწყვეტად მისაწოდებლად". - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ ამგვარი სერვისების უწყვეტობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შესაბამისი საჭიროების მქონე არასრულწლოვნებისთვის, რისი შეწყვეტაც ქმნის რეაბილიტაციის შედეგად მიღწეული შედეგების დაკარგვის საფრთხეს.  


მოქალაქე გვანცა გულიაშვილმა 13 სექტემბერს Facebook-ის პირად გვერდზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის დახურვის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. გულიაშვილი წერდა, რომ ცენტრის დახურვის შესახებ ბენეფიციარებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე აცნობეს და ამის მიზეზად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი კორპუსის დანგრევა დაასახელეს, რასაც მისივე თქმით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ითხოვს.

იმავე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ილიაუნის კანცლერი, ქეთი ლაკირბაია. ლაკირბიამ თქვა, რომ ილიაუნიმ მიიღო გადაწყვეტილება ავარიულ შენობაში მიმდინარე სწავლის პროცესი სხვა შენობებში გადანაწილდეს. ხოლო, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტის ბენეფიციარების სხვა სივრცეებში გადანაწილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ამასთან ერთად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 14 სექტემბერს დაწერა, რომ უნივერსიტეტი ყოველ წელს ახორციელებს "სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მონიტორინგს", რის შედეგადაც შპს "მშენ-ექპერტი +" - ის ექსპერტიზამ გამოავლინა, რომ C კორპუსი ავარიულია, ხოლო მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველი.

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი სწორედ C კორპუსში მდებარეობდა.

საკითხს ასევე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელმაც თქვა, რომ ბენეფიციარები სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან, ჩვეულებრივად მიიღებენ დაფინანსებას და არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ მუნიციპალიტეტის მხრიდან.

ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ინსტიტუტი აუტიზმისა და აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა სოციალური ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ამჟამად ცენტრს 180-მდე ბენეფიციარი ჰყავს. 

კომენტარები