რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Медиазона: უკრაინაში კვლავ მოკლეს რუსეთის ВДВ-ს 247-ე პოლკის მეთაური

საჰაერო სადესანტო ძალების სამხედროები წითელ მოედანზე

გამოცემა Медиазона ავრცელებს ცნობას, რომ უკრაინაში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების (ВДВ) 247-ე პოლკის მეთაური, ვასილი პოპოვი მოკლეს. ამავე პოლკის წინა მეთაური, კონსტანტინ ზიზევსკი უკრაინაში ერთი წლის წინ, 26 თებერვალს მოკვდა. 

როგორც გამოცემა წერს, ოფიცრის სიკვდილის შესახებ პირველი ცნობა Z-ბლოგერმა, ეგორ გუზენკომ გაავრცელა. ჩანაწერი, რომელშიც საუბარი იყო დაღუპულ მაღალი რანგის სამხედროზე მისი გვარის ხსენების გარეშე, 10 სექტემბერს გავრცელდა. გუზენკო ამბობდა, რომ 247-ე პოლკის მეთაური დაიღუპა.

ამის შემდეგ რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ს ერთ-ერთ ჯგუფში გამოჩნდა ლექსები, რომლებიც ვასილი პოპოვის ხსოვნას ეძღვნებოდა. პოსტის ავტორი წერდა, რომ აქამდე ოფიცერი ასეული მეთაურისა და ბატალიონის შტაბის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა. როგორც მედიაზონა ვარაუდობს, საუბარია მე-11 ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაზე ულან-უდედან.  

Z-ბლოგერი აღნიშნავდა, რომ 247-ე პოლკის დაღუპული მეთაური პოზიციაზე ახალდანიშნული იყო. ჯერ კიდევ აგვისტოში ეს ადგილი ეკავა სხვა ოფიცერს პიოტრ პოპოვს. მედიაზონა ვარაუდობს, რომ ის მას შემდეგ ჩაანაცვლეს, რაც საჯარო სკანდალში გაეხვა. 8 აგვისტოს Z-ბლოგერი გუზენკო პოპოვს ემუქრებოდა და მოითხოვდა დახოცილი სამხედროების სხეულების ევაკუაციას. Z-ბლოგერები მას 20-მდე სამხედროს დაღუპვაში ადანაშაულებდნენ.

კავკასიის 247-ე გვარდიული სადესანტო-მოიერიშე კაზაკთა პოლკი შედის მე-7 გვარდიის სადესანტო-მოიერიშე დივიზიაში და განთავსებულია სტავროპოლში. დანაყოფმა მძიმე დანაკარგები განიცადა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პირველ დღეებში. პირველ კვირაში, ნიკოლაევზე შეტევის დროს, სულ მცირე 60 სამხედრო დაკარგეს, მათ შორის პოლკის მეთაურიც, კონსტანტინ ზიზევსკი. ამას გარდა, ცნობილია, რომ 2023 წლის მარტის ბოლოს უკრაინაში მოკვდა ამავე პოლკის მე-2 ბატალიონის მეთაური, დმიტრი ლისიცკი.

კომენტარები