მიხეილ სააკაშვილი

თავდაცვა: დავიწყეთ სააკაშვილის თვითმფრინავით მგზავრობის ხელშეკრულებების განსაიდუმლოება

თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრის ბრძანებით, დაიწყო მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თვითმფრინავით სარგებლობასთან დაკავშირებით Georgian Airways-თან დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, განსაიდუმლოებულია ორი ხელშეკრულება და დგინდება, რომ ხელშეკრულების მომსახურების მიზნით სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი. 

"საზოგადოების მაღალი ინტერესისა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო. აღნიშნული პროცესი ხორციელდება უწყებაში შესაბამისი კომისიის მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად.

მოცემული განსაიდუმლოება შეეხება 2010, 2011 და 2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და შპს "ჯორჯიან ეარვეისს" შორის დადებულ ხელშეკრულებებს. აღსანიშნავია, რომ მინისტრის 2012 წლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე უკვე განსაიდუმლოებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს "ჯორჯიან ეარვეისთან" გაფორმებული ორი ხელშეკრულება.

აღნიშნული ხელშეკრულებების მომსახურების მიზნით თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 14 მილიონ ლარამდეა გადახდილი". – წერია განცხადებაში.

აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. 

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე კი ამტკიცებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისის ფული პრემიერმინისტრის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა. ჩუბინიძემ თქვა, რომ ეს თანხა ლარებში 34 000 ევროს ეკვივალენტია.

სწორედ ამის შემდეგ, ქართული ოცნების წევრებმა ყურადღების გადასატანად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ფულის ფლანგვაზე დაიწყეს საუბარი. 

"არაერთხელ გვსმენია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ მის ფრენებზეც არის დახარჯული თანხა. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამით. ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი". – თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ. 

კომენტარები