პენსილვანია

ორკვირიანი ძებნის შემდეგ პენსილვანიის ციხიდან გაქცეული მკვლელი დაიჭირეს

პოლიცია დანელო კავალკანტეს დაკავების შემდეგ ჯავშანმანქანაში ათავსებს, 2023 წლის 13 სექტემბერი.
BBC

ორკვირიანი ძებნის შემდეგ, 31 აგვისტოს აღმოსავლეთ პენსილვანიის ციხიდან გაქცეული, მკვლელობისთვის მსჯავრდებული 34 წლის დანელო კავალკანტე დღეს, 13 სექტემბერს დააკავეს.

პენსილვანიის გუბერნატორის, ჯოშ შაპიროს თქმით, დამნაშავე ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 8 საათზე, იარაღის გამოყენების გარეშე დააკავეს.

"მინდა ვთქვა, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ღმერთს, რომ არც სამართალდამცველებში და არც საზოგადოებაში არავინ დაშავებულა". - აღნიშნა გუბერნატორმა.

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პენსილვანიის შტატის პოლიციის ვიცეპოლკოვნიკმა, ჯორჯ ბაივენსმაც. მისი თქმით, ჩრდილოეთ ჩესტერის ოლქის პერიმეტრზე მიმდინარე სამძებრო სამუშაოების დროს, დაახლოებით შუაღამის პერიოდში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სიგნალიზაცია ჩაირთო. კავალკანტე ამ სიგნალის დახმარებით ვერ იპოვეს, მაგრამ სამძებრო სამუშაოები სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს.

საბოლოოდ ძებნილი ვერტმფრენის დახმარებით იპოვეს და დააკავეს.

კავალკანტე ფილადელფიის დასავლეთით მდებარე ჩესტერის საოლქო ციხეში იხდიდა სასჯელს. ის 2023 წლის აგვისტოში ყოფილი შეყვარებულის, 33 წლის დებორა ბრანაოს მკვლელობისთვის გაასამართლეს, თუმცა ციხიდან მალევე, 31 აგვისტოს გაიქცა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო პოლიციამ მისი დევნა.

კომენტარები