პენსილვანია

პენსილვანიის ციხიდან გაქცეული მკვლელი შეიარაღებულია – მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევენ

აღმოსავლეთ პენსილვანიის ციხიდან გაქცეული დანელო კავალკანტე
Pennsylvania State Police/CNN

31 აგვისტოს აღმოსავლეთ პენსილვანიის ციხიდან გაქცეული, მკვლელობისთვის მსჯავრდებული 34 წლის დანელო კავალკანტე გუშინ, 11 სექტემბერს პენიტენციური დაწესებულების ჩრდილოეთით მდებარე დასახლებაში შენიშნეს. პოლიციის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ დამნაშავე შეიარაღებულია, დღეს, 12 სექტემბერს სკოლების დროებითი დახურვა მოჰყვა.

ჩესტერის ოლქში ოფიციალური პირების მიერ მოსახლეობისთვის ელექტრონული ფოსტისა და ტექსტური შეტყობინების საშუალებით გაგზავნილი საგანგებო ცნობის თანახმად, ძებნილი სამხრეთ ქოვენთრის რაიონში, საოლქო ციხიდან დაახლოებით 32 კილომეტრში შენიშნეს.

"რაიონში მაცხოვრებლებს ვთხოვთ დახურონ გარეთ გამავალი ყველა კარი და ფანჯარა, დაიცვან მანქანები და დარჩნენ შენობაში". - წერია შეტყობინებაში. აქვე აღნიშნულია, რომ "სავარაუდოდ შეიარაღებული" ძებნილი რიჯის, ქოვენთრივილისა და დეიზი ფოინთის გზებზეც შენიშნეს.

მოგვიანებით პენსილვანიის შტატის პოლიციამ Facebook-ზე დაწერა, რომ ისინი კავალკანტეს დევნას სამხრეთ ქოვენთრის რაიონში  აგრძელებენ და ძებნილი "შეიარაღებულია". პოსტში არ იყო ახსნილი საიდან გაიგო პოლიციამ რომ დამნაშავეს იარაღი აქვს, თუმცა CNN-თან ასოცირებულ მედია KYW-ს წყაროებმა უთხრეს, რომ კაცმა, რომლის აღწერილობაც კავალკანტესას ემთხვევა, უკანასკნელ ინციდენტამდე იარაღი მოიპარა.

კავალკანტე ფილადელფიის დასავლეთით მდებარე ჩესტერის საოლქო ციხეში იხდიდა სასჯელს. ის 2023 წლის აგვისტოში ყოფილი შეყვარებულის, 33 წლის დებორა ბრანაოს მკვლელობისთვის გაასამართლეს, თუმცა ციხიდან მალევე, 31 აგვისტოს გაიქცა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო პოლიციამ მისი დევნა.

კავალკანტეს დევნის ქრონოლოგია

პენსილვანიის შტატის პოლიციის თქმით, თითქმის ორკვირიანი ძებნის განმავლობაში კავალკანტე სხვადასხვა ლოკაციაზე რამდენჯერმე შენიშნეს: 

31 აგვისტო: ციხის სათვალთვალო კამერა აღბეჭდავს როგორ ადის ცოცვით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი კავალკანტე ორ კედელს შორის "კიბორჩხალისებრი სიარულით". შედეგად დამნაშავე სავარჯიშო ეზოდან სახურავზე, იქიდან კი ციხის გარეთ გადადის.

დანელო კავალკანტე ციხიდან გაქცევისას, 2023 წლის 31 აგვისტო
Courtesy Chester County DA’s Office

1 სექტემბერი: ციხესთან ახლოს მდებარე დასახლებაში მცხოვრები რაიან დრამონდი ამბობს, რომ კავალკანტე მის სახლში შევიდა და წასვლისას საჭმელი გაიყოლა.

2 სექტემბერი: ძებნილს ციხიდან დაახლოებით 2 კილომეტრში სათვალთვალო კამერა აღბეჭდავს.

4 სექტემბერი: კავალკანტეს კიდევ ერთხელ აღბეჭდავს უსაფრთხოების კამერა, ამჯერად ციხიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ლონგვუდ გარდენსთან.

კავალკანტე ლონგვუდ გარდენსთან, 2023 წლის 4 სექტემბერი ​​
Pennsylvania State Police

5 სექტემბერი: ადგილობრივი მცხოვრები ამბობს, რომ დამნაშავე თავის საკუთრებაში, მდინარის კალაპოტში დაინახა.

6 სექტემბერი: ბილიკთან დამონტაჟებული კამერა კავალკანტეს ლონგვუდს გარდენსში აღბეჭდავს.

8 სექტემბერი: ოფიციალური პირები ლონგვუდს გარდენსის გარშემორტყმულ ტერიტორიაზე ძებნილის ორჯერ შენიშვნის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.

9 სექტემბერი: კავალკანტე ფურგონს იპარავს და პირველად მიდის ნაცნობთან, რომლის სახლის ზარის კამერაზეც დამნაშავე ჩანს. აქედან ძებნილი ფენიქსვილის ტერიტორიაზე მეორე ნაცნობთან მიდის.

10 სექტემბერი: პოლიცია მიტოვებულ ფურგონს პოულობს.

11 სექტემბერი: პოლიცია ავრცელებს გაფრთხილებას, რომ კავალკანტე "სავარაუდოდ შეიარაღებულია".

რატომ ვერ დაიჭირეს მკვლელი ამ დრომდე?

პენსილვანიის შტატის პოლიციის ვიცეპოლკოვნიკის, ჯორჯ ბაივენსის თქმით, ძებნილის დაჭერას რამდენიმე ფაქტორი აფერხებს:

  • ძებნა მიმდინარეობს დიდ, ტყიან ტერიტორიაზე, სადაც ბევრგან შეიძლება დამალვა;
  • იმ ადგილებში, სადაც კავალკანტე რამდენჯერმე შენიშნეს, საძიებო პერიმეტრის ჩაკეტვა რთულია, რადგან დიდ სადრენაჟე თხრილებთან და მცენარეულ საფართან ერთად, ტერიტორიაზე გვირაბების დიდი სისტემაა;
  • 9 სექტემბერს ნაცნობებისგან, რომლებსაც კავალკანტემ მიაკითხა, ზარი პოლიციაში დაგვიანებით შევიდა, რის გამოც დამნაშავის დროულად დადევნება ვერ მოხერხდა.

"არცერთი პერიმეტრი არ არის 100%-ით ჩაკეტილი, მას კედელი არ აქვს, არაფერი არ აქვს რასაც გამოიყენებდი ვინმეს მოსახელთებლად". - აღნიშნა ბაივენსმა.

ლონგვუდს გარდენსი, სადაც აქამდე აქტიურად მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, ამ მხრივ განსაკუთრებით დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ახლა, როდესაც კავალკანტემ აღნიშნული ტერიტორია დატოვა და პოლიციამ მისი დაჭერა ისევ ვერ შეძლო, ადგილობრივ მაცხოვრებლებს საფრთხის შესახებ აფრთხილებენ და ურჩევენ, სახლები არ დატოვონ.

კომენტარები