სანქციების გვერდის ავლა

NYT: რუსეთი გვერდს უვლის სანქციებს და აწარმოებს უფრო მეტ რაკეტას, ვიდრე 2022 წელს

რუსული სარაკეტო გამშვების გამოცდა 2022 წლის საერთაშორისო სამხედრო და ტექნიკური ფორუმის დროს. ალაბინო, რუსეთი. 2022 წლის 17 აგვისტო
Maxim Shemetov/Reuters/File

The New York Times-ის თანახმად, რუსეთმა მოახერხა სანქციებისთვის გვერდის ავლა და ახლა უფრო მეტი რაკეტის წარმოება შეუძლია, ვიდრე უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე შეეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთმა მოახერხა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების და ექსპორტის კონტროლის გვერდის ავლა და გაზარდა თავისი რაკეტების წარმოება ომამდელ არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ეს კი გაზრდილი თავდასხმების პირობებში უკრაინას განსაკუთრებით დაუცველს გახდის მომდევნო თვეებში". - წერს გამოცემა ამერიკელ, ევროპელ და უკრაინელ ოფიციალური პირებზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, The New York Times-ი აღნიშნავს, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების შეფასებით, ომის დასაწყისში სანქციების გამო რუსეთი იძულებული გახდა, მკვეთრად შეემცირებინა რაკეტების და სხვა ტიპის იარაღის წარმოება პირველი ექვსი თვის განმავლობაში. თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, 2022 წლის ბოლოს მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო წარმოებამ ზრდა დაიწყო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთი კონტრაბანდის ფართო ქსელის მეშვეობით წარმოებისთვის იღებს შესაბამის კომპონენტებს მესამე ქვეყნებიდან, როგორიცაა სომხეთი და თურქეთი.

ამერიკელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ რუსული რაკეტების წარმოების გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ახალი დარტყმები უკრაინის ენერგო სისტემაზე შემოდგომასა და ზამთარში.

სტატიაში მითითებულია, რომ საქონლის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასავლეთის ქვეყნებს უჭირთ რუსეთისთვის გზის ყველა მოჭრა, რათა მან სანქციებისთვის გვერდის ავლა ვეღარ შეძლოს. 

"აშშ-ს მთავრობის ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ რუსეთს არ სჭირდება მაღალტექნოლოგიური ჩიპები, რომელთა მონიტორინგი უფრო ადვილია, არამედ კომერციული ჩიპები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა პროდუქციაში და არა მხოლოდ მართვად რაკეტებში". - ნათქვამია სტატიაში. 

ასევე, გამოცემის თანახმად, დასავლელი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა გააორმაგა ჭურვების წარმოება (წლიურად 2 მილიონამდე), რაც წარმოების იმ რაოდენობაზე მეტია, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შეუძლიათ.

ამავდროულად, The New York Times-ი აღნიშნავს, რომ წარმოების ეს მოცულობა რუსეთისთვის ჯერ კიდევ არ არის საკმარისი, რადგან მოსკოვმა ერთ წელიწადში 10 მილიონი ჭურვი დახარჯა. სტატიაში ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ რუსეთში სამხედრო წარმოების ზრდა ძვირად დაუჯდა რუსეთის ეკონომიკას, განსაკუთრებით ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდის პირობებში.

კომენტარები